14 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
"მათი მუშაობა ზუსტად იმ ფარატინა ფურცელში გამოიხატება, რომელშიც არცერთი ინიციატივა არ წერია" - "ქართული ოცნების" წევრი ენმ-სა და გახარიას პარტიაზე

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი, მარინა ლიპარტელიანი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატის, გიორგი მუმლაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მუმლაძე ნიკა მელიას რამდენიმე მუნიციპალიტეტში გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობის გამო საყვედურობს.

მარინა ლიპარტელიანის შეფასებით, სინამდვილეში ამ პარტიებს არა რუსთავის ინტერესები, არამედ თანამდებობები და საკრებულოში არსებული პრივილეგიები აინტერესებთ. 

"ისინი სულ მუდმივად იძახიან იმას, რომ ჩვენ გვინდა ვითანამშრომლოთ და ჩვენ ვთანამშრომლობთ და ა.შ. "ქართული ოცნება" არის პარტია, რომელსაც აქვს საკუთარი ღირებულებები და ფასეულობები და რანაირი პოლიტიკური მოცემულობაც არ უნდა შეიქმნას ჩვენს გარშემო, ამ ღირებულებებს ჩვენი პარტია არ გადაუხვევს და მით უმეტეს არ შევა კოალიციაში და თანამშრომლობაში ისეთ პარტიებთან, რომლებიც ამ წუთას არის წარმოდგენილი ჩვენთან და ესენი არიან ჩვეულებრივი მოღალატეები.

იმის საფარ ქვეშ, რომ თითქოს ქალაქის ინტერესები ამოძრავებთ, სინამდვილეში ამ პარტიის წარმომადგენლებმა რუსთავის საკრებულოში დაინაწილეს თანამდებობები, სარგებლობენ იმ ყველა სიკეთით, რაც აქვს ამ წარმომადგენლობით ორგანოს და მათი მუშაობა ზუსტად ამ ფარატინა ფურცელში გამოიხატება, რომელშიც არც ერთი ინიციატივა არ წერია," - განაცხადა რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა მარინა ლიპარტელიანმა.

ცნობისთვის, შიდაპარტიულ არჩევნებამდე ერთ დღით ადრე, "ნაციონალურ მოძრაობაში" მორიგი ბრალდება ისმის. პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძე მოქმედ თავმჯდომარე, ნიკა მელიას ამჯერად საყვედურობს იმის გამო, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში გიორგი გახარიასთან ითანამშრომლა. მან ამ პროცესებს კოალიციაც კი უწოდა და თქვა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" გახარიასთან კავშირმა დიდი დარტყმა მიაყენა, მათ შორის ნიჰილიზმის დათესვის კუთხით.

დღის ამბები