14 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არ მჭირდება, რომ „ემპათიის“ დასკვნებში ეჭვი მეპარებოდეს მას შემდეგ, რაც შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეებზე სიყალბეს ვისმენდით - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "ემპათიას" დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის. 

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ცენტრ "ემპათიას" მიმართ ნდობა არ აქვს. მისი თქმით, ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელისგან ბაჩალიაშვილისა და შაქარაშვილის საქმეებზე საზოგადოება სიყალბეს ისმენდა.

"მე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არ მჭირდება იმისთვის, რომ ეჭვი მეპარებოდეს ემპათიის დასკვნებში. სხვა დროსაც მითქვამს, გავიხსენოთ ყველამ შაქარაშვილის საქმე, ბაჩალიაშვილის საქმე და გავიხსენოთ, თუ რას ამბობდა მაშინ "ემპათია" და მისი ხელმძღვანელი. ეს იყო პირდაპირი სიყალბე რაც მაშინ გვესმოდა ჩვენ ტელევიზიებიდან და ამ ორგანიზაციის მხრიდან. არ მინდა დეტალებში ჩავიდე, მაგრამ ყველას ახსოვს, თუ რა სიყალბეს ჰქონდა ადგილი, ეს იყო პირდაპირი არა მხოლოდ პროფესიული ეთიკის დარღვევა, არამედ პირდაპირი სიყალბის გავრცელება. ამიტომ, თავისთავად, მე ნდობა ამ ორგანიზაციის მიმართ არ მაქვს," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ცენტრ "ემპათიას“ პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებს და ამბობს, რომ მათგან ყალბი დასკვნები ხშირად მოუსმენია. 

"არ მინდა ძალიან ხისტი განცხადებები გავაკეთო ამ ორგანიზაციის მიმართ, სადაც გარკვეული რაოდენობის ის ექიმებიც არიან გაერთიანებული, ვინც პატიოსნად ემსახურებიან თავის პროფესიას. მაგრამ, იმდენი ცუდი მაგალითი დაგროვდა ორგანიზაციის მიმართ, მისი პოლიტიკური დაინტერესების მიმართ, განსაკუთრებით ახალგაზრდების სიკვდილის შემდეგ, რომელზეც საშინლად არა ობიექტური და მე ვფიქრობ, უზნეო დასკვნები გამოაქვეყნა ამ ორგანიზაციამ, რომ იძულებული ვარ ვთქვა, რომ ეს არის ჩამოყალიბებული პოლიტიკური ძალა, რომელმაც არა ერთხელ აჩვენა თავის თავი როგორც არა თუ არა ობიექტურმა, არამედ პოლიტიკურად ანგაჟირებულმა და მავნებელმა ორგანიზაციამ," - აცხადებს გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები