დასკვნის დასკვნის დასკვნა - ასეთია "ემპათიას" გეგმა, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზაზე დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს. ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მათი დასკვნის შემოწმების საფუძველი იუსტიციის სამინისტროს ინტერესი გახდა. უწყებას ის ზეწოლაში ადანაშაულებს.
მარიამ ჯიშკარიანის დასკვნის სანდოობა იუსტიციის სამინისტრომ სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზით გადაამოწმა. ის, რომ "ემპათიას" დოკუმენტში ჩაწერილი შეფასებები სარწმუნო და უტყუარი არ არის, რატი ბრეგაძემ, სპეციალურ ბრიფინგზე თქვა.
სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი პერსონალურია და ის სასამართლოზე იქნება განხილული. ბრალდების მხარემ შუამდგომლობით მოსამართლეს უკვე მიმართა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ დასკვნის მომზადებისას ბიუროს ექსპერტებს არა მხოლოდ დოკუმენტები, არამედ პაციენტიც უნდა შეემოწმებინათ. ემპათიის დასკვნას, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლების საქმეში მათი მთავარი მტკიცებულებაა, სრულად ენდობა ექსპრეზიდენტის ოჯახიც.
დამოუკიდებელი ექსპერტი განმარტავს, რომ ექსპერტიზა დოკუმენტებით პრაქტიკაში აპრობირებული სწორი პროცედურაა. მაია ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ადვოკატის განცხადების მიღმა ისეთივე სუბიექტური მიზნები დგას, როგორიც "ემპათიის" ხელმძღვანელის შემთხვევაში. სპეციალისტის თქმით, ცენტრის დასკვნა არც ფაქტებს და არგუმენტებს და არც ქვეყანაში მოქმედ სტანდარტებს არ ეფუძნება.
დამოუკიდებელი ექსპერტი ცენტრ "ემპათიას" სხვა არასარწმუნო დასკვნებზეც საუბრობს. ამბობს, რომ ორგანიზაცია მიზანმიმართულად აკეთებდა საეჭვო შეფასებებს ისეთ გახმაურებულ საქმეებზე, როგორიცაა თამარ ბაჩალიაშვილის და გიორგი შაქარაშვილის საქმეები. ორივე შემთხვევაში "ემპათიას" დასკვნა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მარიამ ჯიშკარიანი საზოგადოებას არწმუნებდა, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში მეორედ გადააგდეს და დღე ან დღენახევარი 21 წლის ფეხბურთელი ცოცხალი იყო. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე კი "ემპათია" ავითარებდა აზრს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტს ინექცია იძულებით გაუკეთეს და თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს.
ყველა ასეთი შეფასება საპარლამენტო უმრავლესობისთვის მყარი არგუმენტია თქვან, რომ "ემპათია" მიხეილ სააკაშვილის საქმეშიც მიკერძოებულად მოქმედებს.
მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე კი სასამართლო პროცესი გრძელდება. დღეს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც ბრიტანელი ფსიქიატრი გამოჰკითხეს. მედიკოსი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სწორედ ემპათიას დასკვნაზე დაყრდნობით საუბრობდა.