"ქართული ოცნება" USAID-ის პასუხის მოლოდინში - მმართველ გუნდს აინტერესებს მოახდენს თუ არა რეაგირებას ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მათ მიერ დაფინანსებული პროექტ "პროლოგის" ხელმძღვანელის პოლიტიკურ განცხადებაზე.
საუბარია ინგა თოდრიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატუსზე, რომელშიც ის ბოლო 10 წლის პოლიტიკურ პროცესს რამდენიმე წინადადებით აჯამებს და მიაჩნია, რომ ოლიგარქის მმართველობის შემდეგ დე-ოლიგარქიზაციის დრო მოვიდა. "ქართულმა ოცნებამ" პროექტის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადება პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან ერთად ხელისუფლების ცვლილების პირდაპირ მოწოდებად აღიქვა.
ინგა თოდრიას პოზიციებთან დაკავშირებით "პროლოგის" წარმომადგენლები საჯარო განმარტებაზე უარს ამბობენ. შეკითხვებს არ უპასუხა არც თავად თოდრიამ. "ხალხის ძალა" კი ისევ საუბრობს "პროლოგის" ხელმძღვანელობის და პირადად ინგა თოდრიას მიზნებსა და კავშირებზე. საზოგადოებრივ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ყოფილი მოსამართლის ხელმძღვანელობით ჩატარებული რეფორმებით მოიპოვა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს სასამართლოზე კონტროლი. მიზანი არც ამჯერად შეცვლილა და "პროლოგი" ისევ ცდილობს სისტემაზე "ნაციონალური მოძრაობის" გავლენის აღდგენას.
"ნაციონალური მოძრაობისთვის" მმართველი პარტიის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებები მიკერძოებულია. სხვა ოპოზიციურ პარტიებში "ქართულ ოცნებასა" და "ხალხის ძალას" ნაწილობრივ ეთანხმებიან.
მიკერძოებული პოზიციის გარდა მმართველი პარტიისთვის ინგა თოდრიას განცხადებები ანტისახელმწიფოებრივიცაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სხვა შემთხვევაში შესაძლოა არც გაემახვილებინათ მსგავს შეფასებებზე ყურადღება, თუმცა ახლა რეაგირება აუცილებელი იყო, რადგან თოდრია ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვან ორგანიზაციას წარმოადგენს. პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვისკენ დღეს მესამე სექტორს პარლამენტის თავმჯდომარემაც მოუწოდა.
ვის რა ინტერესი და მიზანი აქვს ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით - ვრცელ წერილებში განმარტეს "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა. საზოგადოებრივ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ სასამართლოზე ორგანიზებულ შეტევას და მის დისკრედიტაციას ცდილობენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ბოლო წლებში სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსაც იხსენებენ და უკვირთ საელჩოსთან დაკავშირებული ორგანიზაციების პოზიცია, რომლებმაც ჯერ თავად შეცვალეს სისტემა, დღეს კი მიზანმიმართულად აკრიტიკებენ მას.