"ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი - პარტიის თავმჯდომარეობა ოთხ კანდიდატს სურს, არჩევნები ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით ტარდება. ვის ენდობა ამომრჩეველი, ეს 48 საათში გაირკვევა.
რაც შეეხება თავად ხმის მიცემას, პროცედურა 10 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროცესი 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის მდივანი, დიმიტრი ჩიქოვანი აცხადებს, რომ პროცედურის 40 წუთის დაგვიანებით დაწყება ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდება.
"ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო 40 წუთის დაგვიანებით, იყო ტექნიკური ხარვეზი, მაგრამ ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, მხარი დაუჭირონ ცვლილებებს და განახლებას. რაც შეეხება გაფილტვრის პროცესს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერ განხორციელდა სრულყოფილად, რადგან 50 ათასი რეგისტრირებულიდან, ჯამში გაიცხრილა 124 ადამიანი," - აცხადებს დიმიტრი ჩიქოვანი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი პატარაია აცხადებს, რომ 50 000 რეგისტრირებულიდან 124 ადამიანი გაიფილტრა.
"მინდა ამომრჩეველს ვუთხრა, რომ მათი ნება, რომელიც გამოიხატება არჩევნების სახით, იქნება დაცული, ვერავინ ვერასდროს ვერ შეძლებს ნახოს, თუ რომელ კანდიდატს დაუჭირა კონკრეტულმა ამომრჩეველმა მხარი. არანაციონალური მოძრაობის რამდენიმე პოლიტიკოსი იყო დარეგისტრირებული. ვერ გავასაჯაროებ იმ პოლიტიკოსების ვინაობას, რომლებიც დარეგისტრირდნენ, მაგრამ კომისიის მიერ ერთობლივად იქნა ამოღებული ეს ადამიანები სიიდან," - აცხადებს გიორგი პატარაია.