"ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარის არჩევნები გრძელდება. ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი - პარტიის თავმჯდომარეობა ოთხ კანდიდატს სურს, არჩევნები ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით ტარდება. ხმის მიცემა ორი დღე გაგრძელდება. დღე ხარვეზებით დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის პროცესი შეუფერხებლად გრძელდება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კობა ნაყოფია ხმის მიცემის პროცედურების შესახებ საუბრობს.
"არჩევნებზე დაიშვა 49, 638 ადამიანი, ანუ პირველადი სიიდან ამოღებული იქნა მხოლოდ 118 ადამიანი. მე არ გამოვრიცხავ, რომ ერთეული შემთხვევები შესაძლოა გაიპაროს, მაგრამ ეს იქნება ალბათ ერთეული შემთხვევები. ის კოდი, რომელიც თქვენ მოგდით sms-ის სახით, გთხოვთ არავის არ გადასცეთ. ზოგიერთ ჩვენს ამომრჩეველს დროულად არ მისდის ეს კოდი, დღის განმავლობაში აუცილებლად მიუვა. არის ერთეული შემთხვევები, ეს ხარვეზი სწორდება," - აცხადებს კობა ნაყოფია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარე ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. მისი თქმით, თუკი კანდიდატმა ხმების 50% ვერ მოაგროვა, დაინიშნება მეორე ტური.
"ხმის მიცემა არის ფარული, ვერავინ ვერ დაინახავს ვინ ვის მისცა ხმა, არ კონტროლდება. ისეთი პარტიის თავმჯდომარე, როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა, ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს როგორც ჩვენი შიდა ქვეყნის მასშტაბით, ასევე საგარეო მიმართულებითაც. ის წარმოადგენს სახეს მთავარი ოპოზიციური პარტიის. ასე რომ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან სწორ პოზიციას დაიჭერს ჩვენი ამომრჩეველი. 50% თუ ვერ მოაგროვა კანდიდატმა, ნიშნავს რომ მეორე ტური ინიშნება," - აცხადებს ბაჩო დოლიძე.