პატიმრის აღსარებით გაცემული საიდუმლო - მიხეილ სააკაშვილი გერმანულ გამოცემასთან შორეულ და უახლოეს წარსულზე ალაპარაკდა. ინტერვიუმ პალატიდან კი დღის წესრიგში ახალი კითხვები გააჩინა. ვინ არიან რუსეთის აგენტები, რომლებმაც 2021 წლის ოქტომბერში, ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში უკანონოდ შემოპარვა დაგეგმა?! სააკაშვილმა გვარები არ თქვა, თუმცა დიდი ხნის დუმილის შემდეგ პოლიტიკურ სცენაზე, კულისებიდან საკუთარი ნებით გამოვიდა ვანო მერაბიშვილი.
დაწერა, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ის ხალხი აბრალებს, ვისაც ბიოგრაფია ქვეყნის მტრებთან კოლაბორაციის მაგალითებით აქვს სავსე. ისრების გადატანის მცდელობა შედგა.
აღსარებასთან ერთად კი იყო სინანულიც, თუმცა 17 წლიანი დაგვიანებით. ინტერვიუში მსჯავრდებულმა და ბრალდებულმა აღიარა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს სამწუხარო შემთხვევებიც იყო, მაგალითად გირგვლიანის საქმე, რომელიც არაობიექტურად შუქდებოდა. დღეს 28 იანვარია, 2006 წელს ამ დღეს, სანდრო გირგვლიანი მოკლეს. ყოფილი პრეზიდენტი 17 წლის შემდეგ სინანულს გამოთქვამს არა ფაქტის, არამედ იმის გამო, რომ მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი არ გაათავისუფლა.
საქართველოში რომ შემთხვევით და მხოლოდ საკუთარი სურვილით არ ჩამოსულ, ამის აღიარებისთვის მიხეილ სააკაშვილს წელიწადი და 4 თვე დასჭირდა. "შპიგელთან" მიცემულ ინტერვიუში ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ გეგმაში, რომელიც გასული წლის ოქტომბერში უნდა შესრულებულიყო, რუსეთის აგენტები იყვნენ ჩართული.
ვინ უწოდა მერაბიშვილს რუსეთის აგენტი, რაც "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი განხეთქილების მიზეზი გახდა?! მისი ფავორიტის, ხაბეიშვილის ფლანგი ღია ბრალდებებს უყენებს მელიას გუნდს, რომ სწორედ მათ დაასახელეს მერაბიშვილი სააკაშვილის განცხადების ადრესატად. ამბობენ, რომ ჯერ ისევ მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენლებმა საკითხი სოციალურ ქსელში საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის გამოიყენებს. ამავე სივრცეში მოჰყვა ხაბეიშვილის თანამოაზრეების გაღიზიანება და უცენზურო პასუხებიც.
ვანო მერაბიშვილი არა, თუმცა მისი ყოფილი მოადგილე, გია ლორთქიფანიძე სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეში ოფიციალურად ფიგურირებს. მიუხედავად ამისა, ნიკა მელიას გუნდის წევრები უარყოფენ რაიმე სახის კავშირს "ნაცმოძრაობის" ყოფილი ჩინოსნების მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებთან. ამბობენ, რომ პარტიის რიგითი მხარდამჭერების მოსაზრებები მათ პოზიციად არ უნდა ჩაითვალოს. უკვირთ ისიც, რატომ გადავიდა დაცვის და თავის მართლების რეჟიმში კონკურენტ ხაბეიშვილის ფლანგი.
ვინ იგულისხმებიან კრემლის ოპერაციის მონაწილეებად, არ დააკონკრეტა არც მიხეილ სააკაშვილის დედამ. გიული ალასანიამ განმარტა, რომ საუბარია ჩანერგილ აგენტებზე, თუმცა არა ქართველებზე. თქვა ისიც, რომ ექსპრეზიდენტის საქართველოში ჩამოყვანის დრო უკრაინის ომის დაწყებას უკავშირდებოდა.
დაბრუნდა თუ დააბრუნეს და იგულისხმება თუ არა კრემლის აგენტად ვანო მერაბიშვილი- აზრთა სხვადასხვაობაა სხვა პარტიებშიც. სააკაშვილის ინტერვიუს შემდეგ პოლიტიკოსებს დამატებითი კითხვებიც გაუჩნდათ.
აღიარებითი ჩვენება, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" ლუსტრაციაა - ასეთი შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში, სადაც სააკაშვილის ინტერვიუს არც შინაარსი გაჰკვირვებიათ და არც მისი პარტიის რეაქციები. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ შემთხვევითი არ არის სტატიის გამოქვეყნება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნების დღეს.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის ოქტომბერში, არჩევნების წინ დაბრუნდა. ის ჩამოსვლიდან მალევე დააკავეს. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მას ბრალი ოფიციალურადაც წაუყენეს. სასამართლოს პროცესები ამ დრომდე გრძელდება.