"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით ენმ-ის შიდაპარტიულ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილი პირველივე ტურში დამაჯერებლად იგებს.
შაშკინის თქმით, პარტია უფრო აქტიური გახდება და აქტიურად იმუშავებს როგორც ხელისუფლების წინააღმდეგ, ასევე მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის პროცესში.
"აქტიურობა არის ძალიან მაღალი, რაც მეტყველებს რომ პარტიის წევრებს უნდათ ცვლილება, უნდათ, რომ პარტია უძრაობიდან გადავიდეს მოძრაობაზე და გახდეს აქტიური. აქტიური როლი შეასრულოს პრეზიდენტს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაში და "ქართული ოცნების" დამარცხებაში.
ამ დროის მონაცემებით, ხაბეიშვილი დამაჯერებლად იგებს პირველივე ტურში. ეს ეყრდნობა იმ მონაცემებს, რაც ჩვენ გვაქვს რაიონული ორგანიზაციებიდან, კვლევებიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, "ნაციონალურ მოძრაობას" ეყოლება ახალი თავმჯდომარე პირველივე ტურში. თავმჯდომარე, რომელიც იზრუნებს, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე," - განაცხადა შაშკინმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მედიასთან ურთიერთობის მდივანი, გიორგი პატარაია კი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ვერცერთი კანდიდატი და მათი წარმომადგენელი ვერ ხედავს ამომრჩევლის არჩევანს და კენჭისყრა არის ფარული.
ამასთან, პატარაია ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის მხრიდან გარკვეულწილად ხდება ამომრჩევლის ხმებით მანიპულირება. პატარაიას თქმით, ხაბეიშვილმა გუშინ თითქოს "ნაციონალური მოძრაობის" ცხელი ხაზი გაახმოვანა, თუმცა პატარიას თქმით, ეს არ არის ენმ-ის ცხელი ხაზი და ხაბეიშვილმა საკუთარი შტაბის ცხელი ხაზი გაავრცელა.
ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის თავმჯდომარეს ირჩევს. პარტიაში პირველობისთვის ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან. 50 ათასამდე რეგისტრირებული მხარდამჭერიდან საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა ამომრჩევლის 70 პროცენტზე მეტმა. ხმის მიცემა ფარულია და ხვალ, დილის 10:00 საათზე შეწყდება.
გუშინდელის მსგავსად, არჩევნების პროცესში ხარვეზებზე დღესაც საუბრობენ. 4 ათასამდე მხარდამჭერს ვერიფიკაციის კოდი არ მიუვიდა, თუმცა პარტია განმარტავს, რომ პრობლემა ხმის მოცემის დასრულებამდე მოგვარდება. კიდევ ერთი შეფერხება დაფიქსირდა ხმის მოცემის პროცესში, კომისიის წევრი ამბობს, რომ ერთი აიპი მისამართიდან ბევრი ანგარიში ცდილობდა ხმის მიცემას, რამაც პროცესი შეაფერხა.