14 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
ბრძოლა არის არაფორმალური მმართველობის ელემენტის შემოტანასა და სიმართლეს შორის, ვგულისხმობ მერაბიშვილს, რომელიც მართვას ამ პროცესებს - ბაჩო დოლიძე

ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნების პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს. 50-ათასამდე რეგისტრირებული მხარდამჭერიდან საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა ამომრჩევლის 75%-ზე მეტმა, თუმცა 4 ათასამდე მხარდამჭერს პრობლემა შეექმნა - მათ ვერიფიკაციის კოდი ვერ მიიღეს. როგორც პარტიაში განმარტავენ, მათ ხმის მიცემა 19:00 საათის შემდეგ შეეძლებათ.

პარტიაში პირველობისათვის ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან. ხმის მიცემა ფარულია და ხვალ, დილის 10 საათზე შეწყდება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ ამ დროის მონაცემებით, არჩევნებში ლიდერობს ლევან ხაბეიშვილი.

"75%-ზე მეტმა პარტიის წევრმა უკვე მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, ძალიან მაღალი ციფრია. მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების დასრულებამდე ეს ციფრი კიდევ აიწევს. ჩვენ თამადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლევან ხაბეიშვილი იმარჯვებს პირველივე ტურში. ჩვენი მონაცემებით, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მოდის ჩვენთან რაიონული ორგანიზაციებიდან. ის 4000-ი ადამიანი, რომელსაც არ მოუვიდა კოდი, ამ კოდს მიღებს 19:00 საათის შემდეგ. ჩვენ ვესაუბრეთ ამერიკულ კომპანიას და ის ხელახლა გაუგზავნის ვერიფიკაციის კოდს. 19:00 საათის შემდეგ ყველა ადამიანი მიიღებს ამ კოდს,"-აცხადებს დიმიტრი შაშკინი.

ამასთან, თანაპარტიელისგან განსხვავებული პოზიცია აქვს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანს. ბაჩო დოლიძე მიიჩნევს, რომ არჩევნებში ნიკა მელია გაიმარჯვებს. დოლიძე აცხადებს იმასაც, რომ წინასწარ ციფრებით მანიპულირება ხაბეიშვილის მხარდამჭერებს შესაძლოა ცუდად შემოუბრუნდეთ.

"მანიპულირება და ძახილი რომ 70-80% ავიღებთ, მე პირადად მეღიმება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ისევ თვითონვე ჩაბარდებიან. მაქვს მოლოდინი, რომ ნიკა მელია შეძლებს პირველივე ტურში გამარჯვებას.

იმ შემთხვევაში თუ ნიკა მელია იმარჯვებს, რა თქმა უნდა, ნიკა მელიას ექნება შესაძლებლობა დააკომპლექტოს ის გუნდი, რომელიც წინაა ხაზზეა. ძალიან ცუდია, როდესაც მესმის სპეკულირება, რომ აი, ხომ ხედავ გვაგდებენ. არავინ არავის არ აგდებს. ბრძოლა არის არაფორმალური მმართველობის ელემენტის შემოტანისა და სიმართლის მხარეს. ხაბეიშვილს არ ვგულისხმობ- ვგულისხმობ მერაბიშვილს, რომელიც ამ პროცესებში ჩართული კი არა არის, მართვას ამ პროცესებს,"-აცხადებს ბაჩო დოლიძე.

დღის ამბები