14 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
"ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ბილბაოში საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდო გადაეცა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ბილბაოში საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდო გადაეცა.

ჯილდო მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის მიანიჭეს.

ღონისძიება ბილბაოს თეატრში ბასკეთის მმართველი პარტიის ორგანიზებით შედგა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ირაკლი კობახიძემ.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო საბინო არანას ფონდს ჯილდოსთვის. ჩემთვის დიდი პატივია იმ ადამიანად ყოფნა, ვინც ერთგულია ბასკებთან და ბასკეთთან მეგობრობის.

მე წარმოვადგენ პატარა, მაგრამ ძალიან ამაყ ქვეყანას - საქართველოს. ჩემს ერს საუკუნეების განმავლობაში მოუწია ბრძოლა თავისი იდენტობის, მიწის, რელიგიისა და ენის დასაცავად. ამიტომ ჩვენ, ქართველები განსაკუთრებულად ვაფასებთ პატრიოტიზმს და სამშობლოს ერთგულ ადამიანებს. შესაბამისად, მე განსაკუთრებით ვამაყობ ჯილდოს მიღებით, რომელიც დიდი პატრიოტის - საბინო არანას სახელს ატარებს.

რამდენიმე მეცნიერული დასკვნით დასტურდება, რომ ბასკებსა და ქართველებს შორის ისტორიული კავშირი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბასკეთსა და საქართველოს შორის გეოგრაფიული მანძილი საკმაოდ დიდია, აშკარაა მსგავსება კულტურაში, ტრადიციებსა და ფოლკლორში. მეღვინეობა ჩვენი კულტურების არსებითი მახასიათებელია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ საერთო ფესვები გვაქვს. ასევე ქართული და ბასკური ენები სტრუქტურულად ახლოსაა ერთმანეთთან. ქართველებმა კარგად იციან ეს კავშირი და ძალიან ამაყობენ ამით.

ამ კავშირმა მოტივაცია მისცა ქართველების წინა თაობებს, ასევე მე და ჩემს კოლეგებს, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის შემდგომ გაღრმავებას. თბილისი და ბილბაო, ვიტორია და ქუთაისი, ლაგუარდია და გურჯაანი ათწლეულების მანძილზე დაძმობილებული ქალაქები არიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბასკური ენის განყოფილება დაარსდა. არსებობს უწყვეტი პარტნიორობა, მაგრამ ასევე ძალიან ფართო სივრცე კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, გასტრონომიისა და ინვესტიციების სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის. ნება მომეცით აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით დავრგეთ რამდენიმე გერნიკას ხე, რაც ბასკ და ქართველ ხალხებს შორის ძლიერი კავშირისა და მეგობრობის სიმბოლოს გამოხატავს.

თქვენ გაქვთ ძალიან ლამაზი ქვეყანა საოცრად ლამაზი ბუნებით, პეიზაჟებით, ქალაქებითა და სოფლებით. მაგრამ ბასკეთის ყველაზე ღირებული სილამაზე მისი თბილი ხალხია. თითოეულმა ბასკმა, ვისაც ჩვენ შევხვედრილვართ, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა, გაგვეძლიერებინა ჩვენი მეგობრობა. დიდი მადლობა ამისთვის!

ჩემი ქვეყანა - საქართველო დღესდღეობით რამდენიმე ფუნდამენტური გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და მისი მშვიდობიანი დეოკუპაცია ჩემი ხალხის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული მიზანია. უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში არსებობდა საფრთხე, რომ სამხედრო კონფლიქტი საქართველოზეც გავრცელდებოდა. ეს იყო ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანი, რომ თავიდან აგვერიდებინა ომი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ამას წარმატებით მივაღწიეთ. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას ყველა საერთაშორისო ფორუმზე. ამავდროულად, ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და ხელი შევუწყოთ მშვიდობას რეგიონში. საქართველო ასევე ცდილობს, ფასილიტატორის როლი შეასრულოს ორ მეზობელ ქვეყანას - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. და ბოლოს, ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობასა და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს და ყველა ერი თანმიმდევრულად უნდა გაჰყვეს ამ გზას.

მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანაა, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. საქართველო გეოგრაფიულად აკავშირებს ევროპას აზიასთან და აქვს დიდი პოტენციალი შემდგომ განავითაროს სატრანზიტო ფუნქცია და შესაძლებლობები. ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკით ჩვენ უზრუნველვყოფთ ნაყოფიერ ნიადაგს ეკონომიკური საქმიანობისა და ინვესტიციებისთვის ჩვენს ქვეყანაში. მშვიდობისა და თანმიმდევრული პოლიტიკის წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა 2021 და 2022 წლებში. ამ ტენდენციით საქართველო ხდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა თანამშრომლობისთვის მისი ყველა მეგობრისა და პარტნიორისთვის.

ჩვენი მიზანია გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ შევიტანეთ ოფიციალური განაცხადი და იმედია საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებს. თქვენი მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია ამ მიზნის მისაღწევად.

საერთო ჯამში, ასევე ზოგადი კონტექსტი იძლევა ნაყოფიერ ნიადაგს ბასკეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის შემდგომი განმტკიცებისა და თანამშრომლობის განვითარებისათვის. მე მივიჩნევ ამას, როგორც ჩემს პასუხისმგებლობას, გავაკეთო ყველაფერი ამ პოზიტიური ტენდენციის ხელშეწყობისთვის.

ნება მომეცით კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო საბინო არანას ფონდს და ყველა ჩვენს ბასკ კოლეგას ჯილდოსთვის, ასევე შესანიშნავი მეგობრობისა და სტუმართმოყვარეობისთვის!” - ირაკლი კობახიძე

დღის ამბები