14 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
ჩვენ, ქართველები განსაკუთრებულად ვაფასებთ პატრიოტიზმს და სამშობლოს ერთგულ ადამიანებს, განსაკუთრებით ვამაყობ ჯილდოს მიღებით, რომელიც დიდი პატრიოტის, საბინო არანას სახელს ატარებს - ირაკლი კობახიძე

 

მე წარმოვადგენ პატარა, მაგრამ ძალიან ამაყ ქვეყანას - საქართველოს. ჩემს ერს საუკუნეების განმავლობაში მოუწია ბრძოლა თავისი იდენტობის, მიწის, რელიგიისა და ენის დასაცავად. ამიტომ ჩვენ, ქართველები განსაკუთრებულად ვაფასებთ პატრიოტიზმს და სამშობლოს ერთგულ ადამიანებს. შესაბამისად, მე განსაკუთრებით ვამაყობ ჯილდოს მიღებით, რომელიც დიდი პატრიოტის - საბინო არანას სახელს ატარებს - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბილბაოში, სადაც ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდოს მიანიჭეს.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა საბინო არანას ფონდს ჯილდოსთვის და აღნიშნა, რომ ბასკეთსა და საქართველოს შორის დიდი გეოგრაფიული მანძილის მიუხედავად, აშკარაა მსგავსება კულტურაში, ტრადიციებსა და ფოლკლორში.

“უპირველეს ყოვლისა, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო საბინო არანას ფონდს ჯილდოსთვის. ჩემთვის დიდი პატივია იმ ადამიანად ყოფნა, ვინც ერთგულია ბასკებთან და ბასკეთთან მეგობრობის.

მე წარმოვადგენ პატარა, მაგრამ ძალიან ამაყ ქვეყანას - საქართველოს. ჩემს ერს საუკუნეების განმავლობაში მოუწია ბრძოლა თავისი იდენტობის, მიწის, რელიგიისა და ენის დასაცავად. ამიტომ ჩვენ, ქართველები განსაკუთრებულად ვაფასებთ პატრიოტიზმს და სამშობლოს ერთგულ ადამიანებს. შესაბამისად, მე განსაკუთრებით ვამაყობ ჯილდოს მიღებით, რომელიც დიდი პატრიოტის - საბინო არანას სახელს ატარებს.

რამდენიმე მეცნიერული დასკვნით დასტურდება, რომ ბასკებსა და ქართველებს შორის ისტორიული კავშირი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბასკეთსა და საქართველოს შორის გეოგრაფიული მანძილი საკმაოდ დიდია, აშკარაა მსგავსება კულტურაში, ტრადიციებსა და ფოლკლორში. მეღვინეობა ჩვენი კულტურების არსებითი მახასიათებელია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ საერთო ფესვები გვაქვს. ასევე ქართული და ბასკური ენები სტრუქტურულად ახლოსაა ერთმანეთთან. ქართველებმა კარგად იციან ეს კავშირი და ძალიან ამაყობენ ამით.

ამ კავშირმა მოტივაცია მისცა ქართველების წინა თაობებს, ასევე მე და ჩემს კოლეგებს, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის შემდგომ გაღრმავებას. თბილისი და ბილბაო, ვიტორია და ქუთაისი, ლაგუარდია და გურჯაანი ათწლეულების მანძილზე დაძმობილებული ქალაქები არიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბასკური ენის განყოფილება დაარსდა. არსებობს უწყვეტი პარტნიორობა, მაგრამ ასევე ძალიან ფართო სივრცე კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, გასტრონომიისა და ინვესტიციების სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის. ნება მომეცით აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით დავრგეთ რამდენიმე გერნიკას ხე, რაც ბასკ და ქართველ ხალხებს შორის ძლიერი კავშირისა და მეგობრობის სიმბოლოს გამოხატავს.
თქვენ გაქვთ ძალიან ლამაზი ქვეყანა საოცრად ლამაზი ბუნებით, პეიზაჟებით, ქალაქებითა და სოფლებით. მაგრამ ბასკეთის ყველაზე ღირებული სილამაზე მისი თბილი ხალხია. თითოეულმა ბასკმა, ვისაც ჩვენ შევხვედრილვართ, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა, გაგვეძლიერებინა ჩვენი მეგობრობა. დიდი მადლობა ამისთვის“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები