14 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
ბილბაო-თბილისის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის - დამეგობრებული ქალაქების ურთიერთობაში, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე დააჯილდოვეს

ბილბაო-თბილისის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის - დამეგობრებული ქალაქების ურთიერთობაში, ადამიანის უფლებების და დემოკრატის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, რამდენიმე საათის წინ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე დააჯილდოვეს.

ირაკლი კობახიძეს ბასკების მმართველი პარტიის ფუძემდებლის, საბინო არანას სახელობის ფონდის ჯილდო გადაეცა. საბინო არანას ისტორია იცნობს პიროვნებად , რომელმაც ბასკებს თვითრწმენა დაუბრუნა და თავისუფლებისთვის ბრძოლა ასწავლა.

ირაკლი კობახიძემ თავის გამოსვლაში ქართულ-ბასკური ურთიერთობების, ასევე რეგიონში არსებული გამოწვევების, ომის და საქართველოს ოკუპაციის შესახებ ისაუბრა. ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ესპანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანაა, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად.

"საქართველო გეოგრაფიულად აკავშირებს ევროპას აზიასთან და აქვს დიდი პოტენციალი შემდგომ განავითაროს სატრანზიტო ფუნქცია და შესაძლებლობები. ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკით ჩვენ უზრუნველვყოფთ ნაყოფიერ ნიადაგს ეკონომიკური საქმიანობისა და ინვესტიციებისთვის ჩვენს ქვეყანაში. მშვიდობისა და თანმიმდევრული პოლიტიკის წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა 2021 და 2022 წლებში. ამ ტენდენციით საქართველო ხდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა თანამშრომლობისთვის მისი ყველა მეგობრისა და პარტნიორისთვის. ჩვენი მიზანია გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ შევიტანეთ ოფიციალური განაცხადი და იმედია საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებს. თქვენი მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია ამ მიზნის მისაღწევად. საერთო ჯამში, ასევე ზოგადი კონტექსტი იძლევა ნაყოფიერ ნიადაგს ბასკეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის შემდგომი განმტკიცებისა და თანამშრომლობის განვითარებისათვის. მე მივიჩნევ ამას, როგორც ჩემს პასუხისმგებლობას, გავაკეთო ყველაფერი ამ პოზიტიური ტენდენციის ხელშეწყობისთვის. ნება მომეცით კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო საბინო არანას ფონდს და ყველა ჩვენს ბასკ კოლეგას ჯილდოსთვის, ასევე შესანიშნავი მეგობრობისა და სტუმართმოყვარეობისთვის!"

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ წელს, როდესაც საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი უნდა გადაწყდეს, ესპანეთის და მათ შორის ბასკების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ქართულ მხარეს ამის იმედი აქვს.

"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართველებსა და ბასკებს შორის ურთიერთობები გაღრმავდა, ამას მოწმობს ის ფაქტიც რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილია ბასკური ენის კათედრა. ძალიან მალე გაიხსნება გასტრონომიული სასწავლებელი და მოგეხსენებათ ბასკური კულინარია მსოფლიოში განთქმულია და ეს ძალიან დაეხმარება ჩვენს პროფესიულ სასწავლებლებს ამ მიმართულებით. გვაქვს ასევე სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა, იქნება ეს ეკონომიკის სფეროში, ინვესტიციების თუ კულტურის მიმართულებით. ბასკეთი არის ესპანეთში ერთ-ერთი მოწინავე რეგიონი და იმის გათვალისწინებით, რომ წელს ესპანეთი არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, სწორედ იმ დროს როდესაც ჩვენი კანდიდატის სტატუსი გადაწყდება, - ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ესპანეთის და ესპანეთში განსაკუთრებით ბასკების მხარდაჭერის," - განაცხადა სამხარაძემ.

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი ირაკლი კობახიძეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ეს ქართულ-ბასკურ ურთიერთობებში მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯია.

"ძალიან სასიამოვნო ღონისძიებას დავესწარით. მივულოცავ ბატონ ირაკლი კობახიძეს, ეს არის ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ბასკურ-ქართული ურთიერთობების. როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე წლის წინ დაიწყო ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა სხვადასხვა სფეროში. მე მაგალითად წარმოვადგენ სპორტის სფეროს, სადაც იდგმება ნაბიჯები ჩვენი ურთიერთობის," - ამბობს ყაველაშვილი.

დღის ამბები