14 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
მინდა გარანტია მოგცეთ, რომ საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის და ჩემი მხრიდან აღგითქვათ საქართველოს დახმარება ევროინტეგრაციის გზაზე - კარლ ნეჰამერი

პირველი და ისტორიული ვიზიტი - ამ შეფასებით დაიწყო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერთან ერთობლივი ბრიფინგი. მხარეებმა ევროინტეგრაციის პროცესსა და ეკონომიკურ პარტნიორობაზე ისაუბრეს. ითქვა, რომ ავსტრია ქვეყნის ევროპული არჩევანის მხარდამჭერად რჩება.

ამასთან, ავსტრიის ფედერალური კანცლერის განცხადებით, მოხარულია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის დაწესებულ ყველა ფინანსურ სანქციას. მისივე თქმით, ეს მარტივი არ არის, რადგან საქართველოზე ზეწოლა ძალიან მაღალია.

"ადამიანები უაღრეს გაჭირვებაში იმყოფებიან. ომი სულ უფრო მძიმე ხასიათს იძენს და ამით იზრდება ადამიანების ტანჯვა. საქართველო მართლაც განსაკუთრებულ სიტუაციაშია, ამ საკითხზე ბატონმა პრემიერმაც გაამახვილა ყურადღება.

ავსტრიაში საქართველოს ელჩი ყოველთვის მიუთითებს საქართველოს განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, თქვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსი სამხედროები დგანან, ამ ფაქტს კი ავტომატურად მოაქვს ის რეალობა რომ საქართველოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა გარკვეულწილად სხვა რეალობაში უნდა გამოიხატებოდეს.

სწორედ ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის დაწესებულ ყველა ფინანსურ სანქციას, ეს მარტივი არ არის, რადგანაც საქართველოზე ზეწოლა ძალიან მაღალია. თავიდან საქართველოს რუსეთის ფედერაციიდან ლტოლვილთა ძალიან დიდი ნაკადი დატყდა თავს. ამიტომ ესეც ყველაფერთან ერთად ძალიან დიდი გამოწვევაა ასეთ მძიმე პერიოდში საქართველოს მთავრობისთვის.

ამავდროულად ჩემი მხრივ მინდა გარანტია მოგცეთ, რომ საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის და ჩემი მხრიდან აღგითქვათ საქართველოს დახმარება ევროინტეგრაციის გზაზე.

ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ის, რომ რაციონალური შეფასებები გვქონდეს, პოლიტიკა შესაძლებლობების ხელოვნებაა, უნდა ვმოძრაობდეთ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს. მე ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია, უფრო მეტიც არის, ვიდრე რთული," - აცხადებს კარლ ნეჰამერი.  

ბრიფინგამდე გაიმართა ორმხრივი შეხვედრა. ადმინისტრაციის ცნობით, ევროინტეგრაციის და რეგიონში არსებული გამოწვევების გარდა, განიხილეს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი. ხაზი გაესვა მის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

 
დღის ამბები