მაღალი დონის ვიზიტი ქვეყანაში, რომელიც რამდენიმე თვეში ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფო გახდება. ქართული საპარლამენტო დელეგაცია ესპანეთში, ბასკეთის ავტონომიურ რეგიონში ტურნეს განაგრძობს. ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით დეპუტატებმა შეხვედრები ავტონომიური რეგიონის პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელთან გამართეს. საქართველოს ევროინტეგრაცია, რეფორმები, რომლებსაც ქვეყანა ევროპისკენ მიმავალ გზაზე ახორციელებს, ეკონომიკური და რეგიონალური თანამშრომლობა - ეს იმ საკითხების ძირითადი ჩამონათვალია, რომლებსაც მხარეები ესპანეთში მეორე დღეა განიხილავენ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ესპანეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.
"განვიხილეთ ყველა საკითხი, რაც დაკავშირებულია ურთიეთობებთან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბასკეთის მხარის მხარდაჭერა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ესპანეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა უნდა გახდეს,"- აცხადებს კობახიძე.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში ესპანეთის პოზიცია მნიშვნელოვანია.
"განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები. ესპანეთი 2023 წლის მეორე ნახევრში ხდება თავმჯდომარე ქვეყანა და ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა. სწორედ ამ პერიოდში მოხდება ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა და ამ მხრივ მნიშვნელოვანია ესპანეთის პოზიცია იყოს მყარი და მკაფიო," - აცხადებს სამხარაძე.
პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ესპანეთს საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი აქვს.
"დიდი ინტერესი აქვთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი პოზიციების მიმართ. ჰქონდათ კითხვები უკრაინის ომთან დაკავშირებით. მათ დღეს თქვეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს," - აცხადებს ყაველაშვილი.