"ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებულ მოვლენებს თბილისის მერი აფასებს.
როგორც კახა კალაძე აცხადებს, ლევან ხაბეიშვილი არის კეზერაშვილი-ღარიბაშვილის მიერ დასმული დროებითი ხელქვეითი, რომელიც შესაძლოა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას მალე ჩამოაშორონ.
"ლევან ხაბეიშვილი იყო ჩემი ფავორიტი, მე ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მისაუბრია და გამიკეთებია განცხადება. უბრალოდ შეუძლებელია, რომ ლევანს არ მოეგო. ისეთი მომზადებული იყო ფიზიკურად, მთელი ამ ხნის განმავლობაში ემზადებოდა ამ არჩევნებისთვის და ნუ, ფიზიკურადაც დაეტყო, ცხადია და ყველანაირად გამოკვეთილია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გახლავთ კეზერაშვილი-მერაბიშვილი.
ხაბეიშვილი ვინ არის - ხაბეიშვილი არავინ არ არის საერთოდ. ხაბეიშვილი არის ამ ადამიანების მიერ დასმული დროებითი ხელქვეითი, ძალიან მალე მას ჩამოაშორებენ და გააგდებენ ამ თანამდებობიდან, ისევე როგორც ნიკა მელია გააგდეს," - აცხადებს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. სწორედ ამიტომ, ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებისთანავე, დაკავებული თანამდებობები მელიას მხარდამჭერებმა დატოვეს. პარტიული პოსტებიდან წავიდნენ კობა ნაყოფია, აკო მინაშვილი, ბაჩო დოლიძე, გიორგი პატარაია და აჭარის ორგანიზაციის თავჯდომარე გიორგი კირთაძე. თუმცა ისინი ამბობენ, რომ პარტიის წევრებად დარჩებიან. როგორ გადანაწილდება ეს თანამდებობები, ჯერჯერობით უცნობია