14 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
უარი სადეპუტატო მანდატებზე, პარტიის ქონებასა და პოლიტიკურ ცხოვრებაზე - რისთვის იბრძვის ხაბეიშვილი და როგორია შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

მთავარი დაპირების, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის გეგმა უკვე დასახელებულია -"ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარის პირველი პოლიტიკური გადაწყვეტილება და შეთავაზება მმართველ ძალას.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია მზად არის სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ დათმოს პარლამენტისა და საკრებულოს მანდატები, ასევე, "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისი. ახალმა თავმჯდომარემ ეს პირველი ინიციატივა, არა პარტიის ოფისიდან, არამედ "ვივამედის" კლინიკიდან გააჟღერა, დღეს ხაბეიშვილი ცენტრალურ ოფისში არ გამოჩენილა.

ამ ინიციატივას, გაჟღერებიდან მალევე, მოყვა საპასუხო რეაქციები "ნაციონალურ მოძრაობაშივე". ხატია დეკანოიძემ, რომელმაც ახალი თავმჯდომარის შეთავაზების მოსმენის შემდეგ პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, თქვა რომ მიხეილ სააკაშვილის სახელით სპეკულაცია არასწორია და ახალ თავმჯდომარეს ურჩია, მსგავსი წინადადებები გაჟღერებამდე პარტიის წევრებთან შეათანხმოს.

ხაბეიშვილის შეთავაზებას არასერიოზული უწოდეს ქართულ ოცნებაში. მმართველი პარტიის წევრები "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს მოუწოდებენ შეწყვიტოს იმ მანდატებით ვაჭრობა, რომელიც ამომრჩეველმა მიანიჭა.

გაჟღერებული ინიციატივის გარდა, ხაბეიშვილს დღეს არაფერი უთქვამს პარტიის განვითარების რა კონკრეტული ხედვა და გეგმა აქვს მას. ახალი თავმჯდომარის თანამოაზრეები ამბობენ მხოლოდ ერთს, რომ პარტიაში აუცილებელია ერთიანობა. ასევე უცნობია, როგორ გადანაწილდება ის პარტიული თანამდებობები, რომელსაც ნიკა მელიას მხარდამჭერები იკავებდნენ.

სამომავლოდ პარტიის ერთიანობას განიხილავს ნიკა მელიას გუნდიც, თუმცა ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეები ლევან ხაბეიშვილის არჩევისა და თანამდებობების დატოვების შემდეგ, პარტიაში აღარ გამოჩენილან.

ლევან ხაბეიშვილის გამარჯვება "ნაციონალური მოძრაობის” სრული ლუსტრაცია საპარლამენტო უმრავლესობისთვის. მმართველი ძალის წევრები ამბობენ, რომ არჩევნების შედეგებმა და ზოგადად წინასაარჩევნო პროცესებმა ამ პარტიის რადიკალიზმი საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა. პარლამენტის წევრები დღეს ყურადღებას არაფორმალური გავლენების გაძლიერებაზეც ამახვილებდნენ.

ლევან ხაბეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გუშინ გახდა, მას ამომრჩეველთა 50%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი.

დღის ამბები