"ემ ქეი დის" უფროსი პარტნიორი და ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი ბრიტანული მედიის მხრიდან ცენზურაზე საუბრობს. ვიქტორ ყიფიანის თქმით, მიმდინარე წელს ყოფილი პრემიერის უფლებადამცველებმა Credit suisse-ის მენეჯმენტის მიერ დაშვებულ სამართლებრივ ხარვეზებზე სტატიის გამოქვეყნება სცადეს. რამდენიმე წლის განმავლობაში შვეიცარიული ბანკის თანამშრომლების მხრიდან გაყალბებული დოკუმენტაცია და ლაფსუსები, რომელმაც მათ კლიენტს ტრანზაქციის საშუალება შეუზღუდა - ყიფიანის თქმით ის მთავარი დეტალებია, რომელიც ტექსტში კონკრეტულად იყო განმარტებული, თუმცა პუბლიკაციის გამოქვეყნება შეიზღუდა.
ცენზურა მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე შვეიცარიული საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელების ბრალეულობას ეხება, დამატებით კითხვებს უჩენს ივანიშვილის კიდევ ერთი ადვოკატს.
"Credit Suisse-ის, როგორც ფინანსური ინსტიტუტის შესახებ მედიით ინფორმაცია შეფერხების გარეშე ვრცელდება, მაგრამ, როდესაც დღის წესრიგში დგება ინფორმაციის, უფრო სწორად, ფაქტების გავრცელების საკითხი მენეჯმენტის ქმედებებთან მიმართებით, მაშინვე აღიმართება ბარიერები: იბლოკება ფაქტების გავრცელება ან ხდება ფაქტების გაფილტვრა ან ვრცელდება ფაქტების მხოლოდ ნაწილი ან ხდება ფაქტების მოდიფიცირება, შინაარსის შეცვლითაც კი...
აღნიშნული მოცემულობა ბუნებრივად რომ აჩენს შემდეგ კითხვებს: როგორ ახერხებს ამას მენეჯმენტი? ვინ მფარველობს მენეჯმენტს? მენეჯმენტის მფარველობა ემსახურება თუ არა რაიმე მიზნის მიღწევას? მენეჯმენტი, მფარველობის სანაცვლოდ, ასრულებს თუ არა რაიმე დავალებას? და ა.შ. დამატებით აღარ გავამახვილებ ყურადღებას. ყველაფერი ისედაც ცხადი და ნათელი არის," - განაცხადა ლაშა კალანდაძემ.
რატომ ვერ ხვდება დასავლურ პრესაში ინფორმაცია კუთვნილ 2 მილიარდზე ივანიშვილისთვის წვდომის შეზღუდვასტან დაკავშირებით - ამაზე ვრცელი განმარტება "ემ ქეი დის" მიერ გამოქვეყნებულ წერილშიც არის გაკეთებული.
ყოფილი პრემიერმინისტრის ადვოკატების მხრიდან მიზანმიმართულ შეზღუდვებზე საუბარს გადაჭარბებულს უწოდებენ საპარლამენტო ოპოზიციაში. ტრაქნზაქციის შეზღუდვაზე პასუხისმგებლობას ისინი მხოლოდ ბანკს აკისრებენ.
შვეიცარიული ბანკის ტრასტების მხრიდან წარმოქმნილ შეფერხებებსა და დასავლურ მედიაში დაბლოკილ სტატიებს შორის პირდაპირ კავშირს ხედავენ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ცენზურა და შერჩევითობის პრინციპით მოქმედება გაცხადებული ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო ქმედებებია. "ქართული ოცნების" ლიდერებმა დღეს ევროსაბჭოს ამ ფაქტებით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. თქვეს, რომ გარკვეული ძალა ივანიშვილზე ზემოქმედებას და ქვეყანაში მეორე ფრონტის პროვოცირებას ისევ ცდილობს.
ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ Credit suisse-თან ბერმუდასა და სინგაპურის სასამართლოებში უკვე დიდი ხანია დაობს. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საფინანსო ინსტიტუტი, კუთვნილი 2 მილიარდამდე ქონების განკარგვის საშუალებას არ აძლევს.