14 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
ნაციონალური მოძრაობის" ჩრდილიდან გამოდის ისეთი ყველაზე ნეგატიური და უარყოფითი სახეები, როგორებიც არიან მერაბიშვილი და სხვები - ნინო წილოსანი

ვანო მერაბიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებენ უმრავლესობის წევრებიც. "ოცნება" თვლის, რომ ეს ინტერვიუ დასტურია იმისა, რომ მერაბიშვილი კულისებიდან გამოდის და პოლიტიკაში ღიად ერთვება.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი მერაბიშვილის მართვის სტილსა და ძალადობრივ მეთოდებზე საუბრობს.

"ფაქტობრივად, დასტურდება ის, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, "ნაციონალური მოძრაობის" ჩრდილიდან გამოდის ისეთი ყველაზე ნეგატიური და უარყოფითი სახეები, როგორებიც არიან მერაბიშვილი და სხვები. ვანო მერაბიშვილის ძალადობრივი მეთოდები და მისი მართვის მეთოდები, ყველასთვის ცნობილია, ვანო მერაბიშვილის გამოჩენა და ის განცხადებები, რაც გუშინ გააკეთა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გეგმებს, რაც ენმ-ს აქვს, მაგრამ ეს განზრახვა და გეგმები არ გულისხმობს და ოდნავაც არ არის მიახლოებული იმ მოლოდინებთან, რაც საზოგადოებას პოლიტიკური პარტიებისგან აქვს, შესაბამისად, ეს პარტია განწირულია მარცხისთვის," - აცხადებს წილოსანი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, მერაბიშვილმა ღიად თქვა რომ ისინი ცდილობენ დეზინფორმაციის გზით დასავლეთს არასწორი წარმოდგენა შეუქმნან საქართველოს და მისი ხელისუფლების შესახებ.

"მედასავლეთეობის პოზიციონირების მთავარ აქტორობას როდესაც გვთავაზობს და ცდილობს, რომ მთავარი დასავლეთის იდეების პროპაგანდისტად მოგვევლინოს მერაბიშვილი, უცნაურად გამოიყურება, ყველას, ძალაუნებურად, მეხსიერებაში ამოუტივტივდება მოთხოვნა "2 ტრუპთან" დაკავშირებით

ცოტა უფრო დაფიქრებულები უნდა იყვნენ, როცა ასეთ თემებზე საუბრობენ.

რაც შეეხება პარადიგმას, შიშვლად თქვა, რაც თავიდანვე გეგმა ჰქონდათ, ცდილობენ, დეზინფორმაციის გზით, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შეუქმნან არასწორი შეხედულება ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ, ქვეყნის იმიჯის დაზიანებით ავნონ ხელისუფლებას და ამით ხელი მოითბონ," - ამბობს სარჯველაძე.

დღის ამბები