14 ნოემბერი 2024,   21:17
ვრცლად
შეუძლებელია ვანო მერაბიშვილისნაირი ადამიანი ვერ ხვდებოდეს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია - იაგო ხვიჩია

ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან. ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელიც ძალადობრივი მეთოდებით მართავდა ქვეყანას, საერთო ოპოზიციურ პოლიტიკურ ველს დააზიანებს. ნაწილს კი მასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს.

"რეფორმების ჯგუფის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, ის მერაბიშვილის ჩაქოლვის კამპანიაში მონაწილეობას არ აპირებს.

"როგორც ჩანს მერაბიშვილის ეშინია ხელისუფლებას, რაც შეეხება გააქტიურებას, ადამიანმა მოიხადა სასჯელი და მას არ აქვს აკრძალული ეს ყველაფერი.

მე ჰიპოთეტურად ვერ წარმომიდგენია რა სცენარი შეიძლება იყოს ასეთი, რომ ვანო მერაბიშვილი არის ლიდერი რაღაც პროცესის, მართლა არ ვიცი. მე არ მივიღებ მონაწილეობას ვანო მერაბიშვილის ჩაქოლვის კამპანიაში," - ამბობს მანჯგალაძე.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ შეუძლებელია მერაბიშვილის მსგავს ადამიანს არ ესმოდეს რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია.

"მიხეილ სააკაშვილის მეგობარია ვანო მერაბიშვილი და ის ყველაფერს აკეთებს მისი ციხიდან გასათავისუფლებლად. მე ასე მინდა ჩავთვალო. რაც შეეხება "ნაცმოძრაობის" პერსპექტივებს, შეუძლებელია ვანო მერაბიშვილისნაირი ადამიანი ვერ ხვდებოდეს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია და მას აქვს ერთადერთი მოვალეობა, იყოს საფრთხობელა "ქართული ოცნების" ხელში, რითაც ის საქართველოს მოსახლეობას დააშინებს და მოაბილიზებს ხმებს. ვინაიდან მე მართლა მგონია რომ ცხადად დასრულდა "ნაცმოძრაობა" და ნაცვლად საშიშისა დარჩენილია მისგან რაღაცნაირი კარიკატურა, არ მგონია ამისგან რაღაც საფრთხობელა გამოვიდეს," - განაცხადა ხვიჩიამ.

პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბექა ლილუაშვილი აღნიშნავს, რომ მერაბიშვილი ამ ქვეყნის გუშინწინდელი დღეა.

"ვანო მერაბიშვილს შეუძლია მიეთვალოს არაფორმალური მმართველების პირთა წრეს, იმიტომ რომ სხვა არაფერი იყო ეს განცხადება, დაადასტურა მისი როლი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკაში, მათ შორის ახლანდელი მენეჯმენტის, მმართველობის ფორმირებაში. ამ განცხადებით გამოავლინა თავისი მოტივი, რომ გაეძლიერებინა ძალიან შესუსტებული ახალი მმართველობა პარტიის, მაგრამ საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ვანო მერაბიშვილი არის ამ ქვეყნის გუშინწინდელი დღე," - აცხადებს ლილუაშვილი.

დღის ამბები