"ქართული ოცნება" თვლის, რომ მერაბიშვილის ინტერვიუ დასტურია იმისა, რომ მერაბიშვილი კულისებიდან გამოდის და პოლიტიკაში ღიად ერთვება. "ოცნება" მერაბიშვილის მართვის სტილსა და ძალადობრივ მეთოდებზე კიდევ ერთხელ საუბრობს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, დანაშაულები, რომელიც მერაბიშვილმა ჩაიდინა, მას არ აძლევს მორალურ უფლებას, რომ იყოს აქტიურ პოლიტიკაში.
"თავად ვანო მერაბიშვილის აქტიურ პოლიტიკაში ასე გამოჩენის პროცესს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, თუ ვინ მიიღებს მას პოლიტიკაში და მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" უცხოელი მხარდამჭერებისგან როგორი რეაქცია იქნება ამაზე. მან მართალია კანონის წინაშე სასჯელი მოიხადა, თუმცა, დანაშაულს აქვს როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური განზომილება და ის დანაშაულები, რომელიც მან ჩაიდინა, მას არ აძლევს არანაირ მორალურ უფლებას, რომ იყოს აქტიურ პოლიტიკაში.
ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმის, სისტემის ერთ-ერთი არქიტექტორი გახლავთ სწორედ მერაბიშვილი და ამას რაიმე დამატებითი დრამატიზება არ ჭირდება. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ და შევაფასოთ ყველა ადამიანი, ვინც მას პოლიტიკურად ჩამოართმევს ხელს," - აცხადებს პაპუაშვილი.