მოქმედი ხელისუფლების კითხვა ყოფილს - რატომ მოაწერა ხელი "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წლის ომიდან მალევე ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლითაც ომის დაწყება ქართველ სამხედროებს დაბრალდათ.
შეკითხვა მმართველი გუნდის ლიდერმა ყოფილი სახელისუფლებო ძალის მისამართით კიდევ ერთხელ მას შემდეგ დასვა, რაც ევროპელმა სოციალისტებმა აგვისტოს ომის ახალი გამოძიება მოითხოვეს. ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განმარტა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერაზე საპარლამენტო უმრავლესობაში იმსჯელებენ. თუმცა, "ქართული ოცნების" ლიდერმა აქვე დააკონკრეტა, რომ 2008 წლის რუსული აგრესიიდან მალევე მიღებული რეზოლუციის შინაარსი სერიოზულ ეჭვებს ბადებს. მმართველი პარტიის თავმჯდომარის აზრით, ჯარისკაცებისთვის ომის დაწყების დაბრალება მოღალატეობრივი აქტია.
რა სამართლებრივ და მორალურ შეფასებას მიიღებდა რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი, მსგავსი შინაარსის დოკუმენტზე ხელმოწერის შემთხვევაში - ამ კითხვაზე პასუხი "ნაციონალურ მოძრაობაში" არ სურთ. ის, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ევროსაბჭოს მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში საქართველოს ინტერესების დამაზიანებელი პუნქტები მართლაც იყო, დღეს ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში არ უარყვეს. კრიტიკისა და კითხვების მთავარ ადრესატ პოლიტიკურ ძალაში ამტკიცებენ, რომ პუნქტი, რომლის მიხედვითაც ვითარების ესკალაცია ქართველ სამხედროებს ბრალდებოდა, რეზოლუციით მიღებულ სხვა სიკეთეებს ვერ გადაწონიდა.
საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხების მისაღებად, მმართველ გუნდს საგამოძიებო კომისიის შექმნაში მხარდაჭერა დღეს ევროპელი სოციალისტების ლიდერმა კიდევ ერთხელ სთხოვა. ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოში, მაშინდელმა ხელისუფლებამ არაერთი კოლაბორაციონისტული ნაბიჯი გადადგა, რასაც ოკუპირებული ტერიტორიების რაოდენობის ზრდა მოჰყვა.
საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს "ხალხის ძალა". საპარლამენტო ჯგუფში ამბობენ, რომ ხელისუფლების მიერ საკუთარი ჯარის დადანაშაულებას მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება. კანონმდებლების თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციამ რეალურად რუსული საქმე გააკეთა.
ევროპელი სოციალისტების ინიციატივას მხარდაჭერა სავარაუდოდ სხვა ოპოზიციური ძალებიდან არ ექნება. კანონმდებლები კოლეგებს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრირებას ურჩევენ.
კითხვებს ყოფილ ხელისუფლებასთან რელევანტურად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა. ოპონენტებისგან განსხვავებით, "ქართულ ოცნებაში" ევროპელი სოციალისტების იდეის მხარდაჭერას არ გამორიცხავენ. ამბობენ, რომ ქმედება რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ რეზოლუციაზე ხელმოწერით და ქართული ჯარის დადანაშაულებით ჩაიდინა, ადეკვატურ შეფასებას მოითხოვს.
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას რეგლამენტით 50 დეპუტატის თანხმობა სჭირდება. მოახერხებენ თუ არა ევროპელი სოციალისტები საჭირო ხმების მოგროვებას, სავარაუდოდ მომდევნო სასესიო კვირას გაირკვევა.