"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ პოსტთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება ოპოზიციაში.
პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, მიხეილ დაუშვილი აცხადებს საუბარი არასდროს ყოფილა იმაზე, რომ მიგრაციული სალდო განსაკუთრებით პრობლემატური იყო მთლიანად 2012 წლის შემდეგ.
"ჩვენ არასდროს გვისაუბრია, რომ ეს მიგრაციული სალდო განსაკუთრებით პრობლემატური იყო მთლიანად 2012 წლის შემდეგ სრულად. ჩვენ ყოველთვის ვაკეთებდით აქცენტს იმაზე, რომ ემიგრაციული სალდო მტკივნეულად უარყოფითი ხდება ბოლო 1 წლის განმავლობაში, რაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, როდესაც საქართველოში შემოდის 100 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე, აქ იწყებს მუდმივად ცხოვრებას და ამავე წელიწადი-წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოდან ასევე გაედინება დაახლოებით 100 ათასი ან ცოტა მეტი ადამიანი. აი ეს არის მთავარი პრობლემა," - თქვა დაუშვილმა.
"რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ კობახიძე სათავეში უდგას გამალებულ იერიშს აშშ-ს და დასავლეთის წინააღმდეგ.
"დღევანდელი სტატუსი, რომლის სამიზნე არის შეერთებული შტატები, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და საქართველოს მხარს უჭერს როგორც სუვერენიტეტის, ასევე დემოკრატიის გაძლიერებაში, მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, რომ გამალებული იერიში არის როგორც აშშ-ის, ასევე დასავლეთის წინააღმდეგ და ამ ყველაფერს სათავეში უდგას ბატონი კობახიძე," - ამბობს აქუბარდია.