ბიძინა ივანიშვილის იურიდიული მრჩევლები წერილი პოლიტიკური შეფასებების თემაა. "ემ ქეი დის" განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაქტები იძლევა საფუძველს, რომ გააკეთონ დასკვნა - "კრედიტ სუისს-ის" მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს. ტექსტში ნათქვამია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, "კრედიტ სუისის" მოქმედება ლოგიკისგან დაიცალა. ბენეფიციარის მოთხოვნების დაკმაყოფილება საკუთარ აქტივებთან მიმართებით ხელოვნურად დაუკავშირდა ბიძინა ივანიშვილთან დაუკავშირებელ გარემოებებს: "აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს".
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე კეთდება პოლიტიკური განცხადებები. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ "კრედიტ სუისი" არის გაკოტრების პირას და ფიზიკურად ვერ გასცემს იმდენ თანხას, რაც მის ფინანსურ მდგომარეობას აღემატება.
"მიზეზი ძალიან პრიმიტიულია, "კრედიტ სუისი" უკვე წლებია, გაკოტრების წინაშე იმყოფება და არ შეუძლია გასცეს ასობით მილიონი ასე მარტივად და ყველა გზას ეძებს, რომ მსხვილ კლიენტს არ დაუბრუნოს ფული, რითაც კიდევ უფრო დაამძიმებს თავის ფინანსურ მდგომარეობას. ამ მიზნის მისაღწევად, როგორც ჩანს, იყენებენ ყველა შესაძლებლობას და, მათ შორის, თავის იურისტებს, რომლებიც წვრილმანებს ეძებენ ივანიშვილის აქტივობაში რომ ეს ფული არ მისცენ,"-აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.
პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე კი აცხადებს, რომ ეს არის წმინდა ფინანსური ურთიერთობები და ამის პოლიტიკურ რანგში აყვანა არის აბსურდი.
"რამდენიც არ უნდა წერონ და იჩივლონ არავითარი შედეგი არ ექნება მას, თუკი ეს პროცესი არ წარიმართება ბანკის შესაძლებლობის ფარგლებში. ეს ბანკი გაკოტრების პირას იყო, გადარჩა იმითი, რომ 18 მილიარდის ვალდებულებების გასტუმრება არ უწევს, რუსი ოლიგარქების ფული დაყადაღდა და ამიტომაც გამოთავისუფლდა ცოტა ფული და გადაურიცხა 200 მილიონი როგორც ჩანს. ეს არის წმინდა ფინანსური ურთიერთობები და ამის პოლიტიკურ რანგში აყვანა არის აბსურდი,"-აცხადებს რომან გოცირიძე.