26 მაისი 2024,   18:13
ვრცლად
"ვიზუალ ქეფითელსის" კვლევის თანახმად, მსოფლიოს არაერთი ქვეყანა აგრესორ სახელმწიფოსთან ენერგორესურსებით ინტენსიურ ვაჭრობას განაგრძობს

გამოცემა "ვიზუალ ქეფითალსმა" 2023 წელს რუსეთიდან წიაღისეული საწვავის იმპორტიორი ქვეყნების სია გამოაქვეყნა. მონაცემებით ირკვევა, რომ საწვავის ექსპორტიდან რუსეთის შემოსავალი, 2022 წლის მარტში მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ბევრი ქვეყანა, დღეში მილიონობით დოლარის ღირებულების წიაღისეული საწვავის იმპორტს ისევ განაგრძობს.

კვლევების მიხედვით, იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს ჩინეთი, რომელმაც 2023 წელს რუსეთიდან 30 მილიარდი დოლარის იმპორტი განახორციელა. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ რუსული საწვავის შეძენას განაგრძობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც.

ჩინეთისა და ევროკავშირის შემდეგ, გამოცემა რუსული წიაღისეული საწვავის უმსხვილეს იმპორტიორებად ინდოეთსა და თურქეთს ასახელებს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ომის პირობებში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა ამ მიმართულებით არ იმუშავა.

ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით, ყველა სახელმწიფო საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და გამოქვეყნებული მონაცემები ამის ნათელი დადასტურებაა.

ანალიტიკოსების განცხადებით, ევროკავშირში იმპორტირებული ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ღირებულებამ 2023 წელს 18 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ავტორი: ქეთი ბარსანიშვილი

დღის ამბები