26 მაისი 2024,   18:14
ვრცლად
"დამოუკიდებლობა კინოცენტრს" - კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

"დამოუკიდებლობა კინოცენტრს" - ამ სლოგანით ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა თეა წულუკიანის უწყებასთან აქცია გამართეს. პროტესტს, მოგვიანებით, კინოცენტრიდან განთავისუფლებული თანამშრომლებიც შეუერთდნენ.

ხელოვანების განცხადებით, მათთვის კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაცია მიუღებელია, მთავარი მოთხოვნა კი, მოქმედი ხელმძღვანელის მოხსნა და ახლის არჩევის წესის შეცვლაა.

კინოცენტრის რეორგანიზაცია, ერთი თვის წინ გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა რამდენიმე თანამშრომლებს შრომითი ხელშეკრულებები შეუწყვიტა. კულტურის სამინისტროს, ხელოვანების მოთხოვნისთვის პასუხი არ გაუცია.

კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის გაგა ჩხეიძის განმარტებით, კულტურის სამინისტროს რეფორმების გატარების ძალა არ შესწევს, რადგან ისინი ხელაღებით მოქმედებენ და სფეროს წარმომადგენლებთან არანაირი კონსულტაციები არ ჰქონიათ.

"კულტურის სამინისტროს არ შესწევს ძალა, ჩაატაროს რეფორმები და რეორგანიზაცია, რადგან ამას საფუძვლად უნდა ედოს ძალიან დიდი ხნის მსჯელობა კინოს სექტორთან, მათი აზრის გათვალისწინება და რეფორმების მომზადება. ასე ხელაღებით რეფორმები არ კეთდება", - განაცხადა გაგა ჩხეიძემ.

კინოცენტრის ყოფილი თანამშრომლის დავით დავითიანის განცხადებით, ისტორიაში პირველად კინოცენტრის კარი ჩაიკეტა რეჟისორებისთვის და კინოს პროფესიონალებისთვის.


"ჩვენ შეგვიწყდა დღეს ხელშეკრულება ბუნდოვანი მიზეზის გამო, რომ მიმდინარეობს შემცირება და საჭიროა თანხების დაზოგვა, რაც კონტექსტისა და დროის გათვალისწინებით, გასაგებია რასაც ნიშნავს. ისტორიაში პირველად, კინო ცენტრის კარი ჩაიკეტა რეჟისორებისთვის, დაიკეტა კინოს პროფესიონალებისთვის და არ არსებობს არანაირი გეგმა მოქმედების. დაგვრჩა მთავარი მოთხოვნა, უნდა იყოს არჩეული კინოცენტრის დირექტორი გამჭვირვალედ და დემოკრატიულად", - განაცხადა დავით დავითიანმა.

დღის ამბები