14 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი, აშშ, სპარსეთის ყურის ქვეყნები და ჩინეთი - ბოლო 9 თვეში საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან თითქმის 6 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა

საქართველოში ტურისტების რაოდენობა იმატებს. გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი, აშშ, სპარსეთის ყურის ქვეყნები და ჩინეთი - მხოლოდ ბოლო 9 თვეში საქართველოში ამ და სხვა ქვეყნებიდან თითქმის 6 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა.

ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს ახალი მარკეტინგული სტრატეგია აქვს. სტრატეგია, რომელზეც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საუბრობს, ახალ პოზიტიურ მაჩვენებლებს ეხება. 2023 წლის ბოლო 9 თვეში, თბილისსა და სხვა ქალაქებში, თითქმის 6 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა.

მონაცემებით ირკვევა, რომ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ტურიზმი 80 პროცენტით აღდგა. 2022 წელს დაფიქსირებულ ციფრებს კი, 43 პროცენტით აღემატება. ახალი მონაცემებით ირკვევა, რომ ქვეყნის მასშტაბით, 2023 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში, მილიონ 700 000-ზე მეტი საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა.

ვიზიტორების რაოდენობის ზრდასა და მათ გააქტიურებაზე საუბრობენ კერძო სექტორშიც. ამბობენ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, სასტუმროები დატვირთულ რეჟიმში მუშაობენ. ბიზნესთან არსებულ კოორდინირებულ პოლიტიკასა და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე ვიცე-პრემიერიც საუბრობს. ლევან დავითაშვილი აქცენტს, ტურიზმის მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებზე აკეთებს.

მიმდინარე წელს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს, 9 პროცენტით გადააჭარბა. ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტი - 2023 წელს, 4 მილიონ 500 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. მაჩვენებელი, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 37 პროცენტით მეტია.

დღის ამბები