ეროვნული ბანკის ცნობით, ფინანსური ბაზრების განვითარების, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელებისა და სხვადასხვა მიმართულებებით საქმიანობის გაძლიერების მიზნით, ეროვნული ბანკის გუნდს მაღალი დონის საერთაშორისო კონსულტანტები შეუერთდნენ, რომლებიც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მრჩევლებად იმუშავებენ.
"უცხოელი ექსპერტები - დუგლას ლაქსტონი, დევიდ ვავრა და მარსიალ ნიკოლა სმეტი ეროვნული ბანკს კონსულტაციებს გაუწევენ ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა მაკროეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა, ფინანსური ბაზრების განვითარება, ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულება და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მათგანს წარსულშიც აქვს ეროვნულ ბანკთან სხვადასხვა პროექტების განვითარების კუთხით მუშაობის გამოცდილება.
მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტი დუგლას ლაქსტონი გასულ წლებში საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და კანადის ცენტრალურ ბანკში. ლაქსტონი მაკროეკონომიკის, მონეტარული პოლიტიკის, ფისკალური პოლიტიკის და ინფლაციის თარგეთირების მიმართულებით მუშაობს. წარსულში ლაქსოტონის აქტიური ჩართულობითა და კონსულტაციების გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა პროგნოზირებისა და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის სისტემა (FPAS) შეიმუშავა.
დევიდ ვავრა მსოფლიო დონის ეკონომისტია, რომელიც ამ ეტაპზე ეროვნულ ბანკში ფინანსური ბაზრების განვითარების მიმართულებით იმუშავებს. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ჩეხეთის, უკრაინისა და სერბეთის ცენტრალურ ბანკებში, იყო ჩეხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი მაკროეკონომიკური მოდელირებისა და პროგნოზების საკითხებში. დევიდ ვავრას ეროვნულ ბანკში მუშაობის გამოცდილება წარსულშიც აქვს. თავის დროზე ის მაკროეკონომიკური მოდელირებისა და პროგნოზების დახვეწის პროექტზე მუშაობდა, რომელიც სსფ-ისა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდებოდა.
მარსიალ ნიკოლა სმეტი 27-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე საერთაშორისო ექსპერტია, რომელიც სხვადასხვა დროს იყო ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების ბიზნეს კომიტეტის თავმჯდომარე UniCreditGroup-ში. 2022 წლიდან დღემდე სმეტი საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების ჩარჩო-დოკუმენტზე მუშაობს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. მარსიალ ნიკოლა სმეტი ეროვნულ ბანკს კონსულტაციებს გაუწევს სანქციების აღსრულებისა და ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში", - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, დარწმუნებულია, რომ უცხოელი კონსულტანტების კომპეტენცია და მრავალწლიანი გამოცდილება კიდევ უფრო გააძლიერებს ეროვნული ბანკის პროფესიონალთა გუნდს.
"სამივე მათგანი მაღალი რანგის საერთაშორისო დონის ექსპერტია. დარწმუნებული ვარ, რომ მათი გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეროვნული ბანკის საქმიანობასა და მიმდინარე და მომავალი პროექტების განხორციელებაში. კონსულტანტების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩვენ კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას და დავნერგავთ მაღალ სტანდარტებს. მჯერა, რომ მათი კომპეტენცია ბანკის საქმიანობას საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.