ცაგერის მუნიციპალიტეტში, მატლის სახეობა ბზის ალურამ 10 ჰექტარზე გაშენებული ბზის ხეები, თითქმის სრულად გაანადგურა და სხვა ნარგავებზეც გადავიდა. მატლები უკვე გავრცელდა რამდენიმე სოფელში, მან ადგილობრივების სახლებშიც შეაღწია. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ადგილობრივებმა დახმარებისთვის მუნიციპალიტეტს არაერთხელ მიმართეს, თუმცა გამგეობაში განუმარტეს, რომ მატლის მოშორების მიზნით, სამუშაოების ჩატარება მათ ვალდებულებებს აღემატებოდა. ამიტომ მოსახლეობამ პრობლემის მოგვარება საკუთარი ძალებით გადაწყვიტა. გახმობას გადაურჩა ბზის ის ნაწილი, რომელიც ადგილობრივებმა შეწამლეს.
სოფელ ჩქუმსა და ქულბაქში ყვებიან, რომ მატლები რაიონში რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა და ახლა უკვე ქუჩებშიც მოდებულია. ამ მიზეზით სოფლებში წელს დამსვენებლების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო.
პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა გარემოს დაცვის სამინისტრომ მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ეს ვალდებულება მოიხსნა.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.