ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე იკითხება. ბრალდებული ერთ საათზე მეტია, რაც სასამართლო სხდომაზე ჩვენებას აძლევს. ადვოკატების ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძემ სასამართლოზე ჩვენების მიცემა თავისუფალი თხრობის რეჟიმში, განვლილი ცხოვრების აღწერილობით დაიწყო. მან დეტალურად გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც მან აჭარის ეპარქიიდან სასულიერო მოღვაწეობა დაიწყო.
ბრალდების მხარე დეკანოზის გიორგი მამალაძისგან ჩვენების შეცვლას ელოდება.
„ის გამოძიების ეტაპზე ორჯერ არის დაკითხული, უამრავის კრიტიკული შეკითხვა იყო, რომელზეც მან პასუხი ვერ გასცა. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ცდილობდა, შეეცვალა წინა ეტაპზე გაცხადებული ჩვენება. შესაბამისად, ვიმედოვნებთ და გვაქვს მოლოდინი, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ის შეცვლის თავის მიერ მიცემულ ჩვენებას,“ - განაცხადა პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ.
ბრალდებული დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მამა გიორგი სასამართლო პროცესზე სიმართლეს იტყვის და ჩვენებას არ შეცვლის.
„მამა გიორგი თავის ჩვენებას თავიდან ბოლომდე თხრობით ფორმატში იტყვის, იქიდან გამოიმდინარე, მერე რეალური სურათი გამოჩნდება, რა კითხვები გაუჩნდება პროკურატურას, რა კითხვები გაგვიჩნდება ჩვენ. პრინციპში ჩვენ ვიცით, ჩვენი მხრიდან არაფერი კითხვა არ არის დასასმელი, დეტალურად ვიცით, ჩვენების შინაარსი, რაც არის რეალურად აღწერილი. რაც მამა გიორგიმ წინასწარ გამოძიებაში ჩვენება მისცა, საკმარისი უნდა ყოფილიყო გამოძიებისთვის თუ ობიექტურად იმუშავებდა, მიუდგებოდა იქიდან, რომ საქმე შეწყვეტილიყო, მაგრამ როგორც ჩანს, მაგათთვის ობიექტურობა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ თავისი უსუსური წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოდ გაამყარონ,“ - განაცხადა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.
დაკავებული დეკანოზი სასამართლოს წინაშე ჩვენებას პირველად აძლევს, მანამდე მან გამოძიებას ჩვენება 2-ჯერ მისცა.