პისტოლეტის ტარით მიყენებული 14 ჭრილობა თავის არეში, პნევმატური იარაღით ნასროლი 8 ტყვია სხეულის სხვადასხვა ადგილას და დაზიანებული თვალი - ასეთია იმ ოჯახური ძალადობის კვალი, რაც 31 წლის აქსანა რასტაგიანს სხეულზე ეტყობა.
პირად საუბრებში რასტაგიანის ოჯახის წევრები კურიერს უყვებიან, რომ ყოფილი მეუღლე, არტურ გრიგორიანი, რასტაგიანს მშობლების სახლში მიუვარდა, სიდედრი ელექტროშოკით გათიშა. ცოლს ჯერ რამდენჯერმე ესროლა, წაქცეული კი სასტიკად სცემა.
თავად დაზარალებული პირად საუბრებში აცხადებს, რომ ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ირკვევა, რომ ძალადობის შესახებ პოლიციამაც იცოდა, თუმცა ოჯახური კონფლიქტის პრევენცია ვერ მოახდინა.
რასტაკიანების ოჯახმა მომხდარის შემდეგ პროკურატურას ჩვენება ყოფილი სიძის არტურ გრიგორიანის წინააღმდეგ იმავე დღეს მისცა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა და საჩივარი უკან გაიტანა.
იურისტებს ეჭვი აქვთ, რომ დაზარალებულები დააშინეს. აქსანა რასტაგიანი ამბობს, რომ მოლაპარაკებები მაზლთან ჰქონდა, რომელმაც კურიერთან საუბარი არ ისურვა.
არტურ გრიგორიანს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არტურ გრიგორიანის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეს მყოფის გათავისუფლებას შეძლებს.