ოკუპანტების მიერ გავლებული მავთულხლართების მეორე მხარეს სოფელ საკორინთლოს საძოვრები და სარწყავი წყლის სათაო ნაგებობები დარჩა. მავთულხლართების ალყასთან მიახლოება კი, შესაძლოა ადგილობრივებს თავისუფლების ფასად დაუჯდეთ.
სოფლის ერთი ნაწილი წლებია ხელისუფლებისგან მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვს. ასეთი სტატუსი დასახლების მხოლოდ ნაწილს აქვს და შესაბამისი შეღავათებითაც სარგებლობს. საკორინთლოში ვერ გაუგიათ, რა ნიშნით გამოარჩიეს 15 კომლი, რომელიც ოფიციალურად ცალკე დასახლებაა და რატომ არის 5 მეტრით დაშორებული ორი სახლიდან ერთი მაღალი მთა, მეორე კი ბარი.
მოსახლეობა სოფლამდე მისასვლელი გზისა და სხვადასხვა სახის მეურნეობის მოყვანის პრობლემურობაზე საუბრობს. ადგილობრივებს სარწყავი და სასმელი წყალი არ აქვთ.
საკორინთლოს მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ხელისუფლება არჩევნებამდე მათ ყველა ამ პრობლემის მოგვარებას პირდებოდა.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გოჩა გოჩიტაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ტერიტორია ცალკე სოფლად, ახალშენის სახელწოდებით დარეგისტრირებული დახვდათ და მისთვის განსხვავებული სტატუსის მისანიჭებლად, საკითხი კომისიამ უნდა განიხილოს. გოჩა გოჩიტაშვილი მოსახლეობას კიდევ ერთხელ ჰპირდება, რომ წყლისა და გზის პრობლემებს მოაგვარებს.
ავტორი: იზო ჩუბინიძე