ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სკვერში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 9 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციის სხვადასხვა ეტაპების ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა იყო წარმოდგენილი.
„გამოფენა ჩვენი საზოგადოებისთვის შეხსენებაა, განსაკუთრებით, დღევანდელ დღეს, როდესაც რუსული ფაშიზმი საქართველოში და სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნებში რუსეთის მიერ არის მხარდაჭერილი და შესაბამისად, სამწუხაროდ, ნოყიერ ნიადაგს პოვებს საქართველოში, რადგან ის ხშირად წახალისებულია დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან,“ - განაცხადა პარტია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ.
„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ რუსეთი დღეს, ისევე, როგორც საუკუნეების განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამორთმევას ცდილობს.
„ის რაც მოხდა 7 აგვისტოს, ეს არის გაგრძელება რუსეთის საუკუნოვანი მცდელობის, რომ დაანგრიოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა. დღესაც აგრძელებს პროპაგანდით და ტყუილების გავრცელებით, რომ შეარყიოს თავისი სახელმწიფოებრიობა. ამასთანავე, ძალიან კარგად და ნათლად ჩანს, რომ ეს გამოფენა არის ისტორია, თუ როგორ შეძლო საქართველომ, მიუხედავად რუსეთის ასეთი აგრესიისა, შეენარჩუნებინა სახელმწიფოებრიობა,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.