18 ნოემბერი 2024,   15:57
ვრცლად
სპეცოპერაცია განმუხურში და 5 დაკავებული - ანაკლიის მუსიკალურ ფესტივალზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებები დაიწყო

სპეცოპერაცია განმუხურში და 5 დაკავებული - სამართალდამცველებმა ბრალდებულების აყვანის ოპერაცია ანაკლიის მუსიკალურ ფესტივალზე ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალების შემდეგ დაგეგმეს.

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ირანის მოქალაქე მომდევნო 2 თვეს ზუგდიდის საპატიმროში გაატარებს. სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით, მის გარდა, კიდევ ოთხი პირი დააკავეს. პროკურორი ვერ განმარტავს, როგორ ჩაიტანა ირანის მოქალაქემ განმუხურში, სავარაუდოდ, GEM Fest-ზე ნარკოტიკების განსაკუთრებით დიდი ოდენობა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუსიკალურ ფესტივალზე გაურკვეველი ნარკოტიკული საშუალებების უკონტროლო რეალიზაცია ხდება. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ბოლო სამ დღეში ათზე მეტი პაციენტი შეიყვანეს, რომლებიც დაუდგენელი შემცველობის ნარკოტიკით იყვნენ მოწამლულები.

თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრები მუსიკალურ ფესტივალზე ნარკოტიკული ინტოქსიკაციის გახშირებულ შემთხვევებზე პოლიციის და უსაფრთხოების სამსახურების პასუხისმგებლობას აყენებენ.

GEM Fest-ის ორგანიზატორი, გიორგი სიგუა, ერთი გოგოს გარდაცვალების და რამდენიმე სტუმრის მოწამვლის გამო, პასუხისმგებლობას იხსნის.

ფესტივალის სტუმრებმა დღეს კურიერთან დაადასტურეს, რომ GEM Fest-ის ტერიტორიაზე ყველანაირი კლუბური ნარკოტიკის შეძენაა შესაძლებელი.

დაუდგენელია, რა ნივთიერება წამლავს მუსიკალური ფესტივალის სტუმრებს. ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც უნდა დადგინდეს თუ რა ნივთიერებით მოიწამლნენ GEM Fest-ის სტუმრები, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

 

ავტორი: ემა გოგოხია

ამავე თემაზე
დღის ამბები