უკანონოდ და საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას.
ცხინვალმა საკონტროლო გამშვები პუნქტი, აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით, ორი დღის წინ ჩაკეტა და გადაწყვეტილება უსაფრთხოების უზრუნველყოფით ახსნა.
გამშვები პუნქტი მუშაობას ხვალ დილის 7 საათიდან განაახლებს.
„სამწუხაროდ, დაიკეტა ის ერთადერთი ე.წ. გადასასვლელი, რომელიც ცხინვალის რეგიონთან აკავშირებს დანარჩენ საქართველოს, ამგვარი პრაქტიკა, სამწუხაროდ, უკვე წლების განმავლობაში გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, როცა გარკვეულ თარიღებზე ხდება გადასასვლელების ჩაკეტვა და გადაადგილების თავისუფლების კიდევ უფრო შეზღუდვა, რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად უკანონო ქმედება, რომელიც მოსახლეობის წინააღმდეგ არის მიმართული,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.