ავტომაგისტრალთან ყარაფილას მონაკვეთზე, საოკუპაციო ზოლიდან 400 მეტრში - ოკუპანტების მიერ გავლებულ ე.წ. საზღვართან დღეს მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთთან შეიკრიბნენ და ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. მათ ამ ფორმით საქართველოს ანექსია გააპროტესტეს.
აქციის ორგანიზატორის დავით ქაცარავას ინფორმაციით, ჯაჭვის შეკვრის პარალელურად, მათ დააფიქსირეს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხედრო ბაზიდან გამოიყვანეს მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა.
დავით ქაცარავა ამ ფაქტს ქართული მხარის გამარჯვებას უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მოქმედება მხდალი ადამიანების საქციელია, რომელიც ადასტურებს, რომ მათ ეშინიათ სამოქალაქო პროტესტის.
„ჩვენი აქციის მსვლელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თავისი სამხედრო ბაზიდან გამოიყვანა მძიმე ჯავშან ტექნიკა და ცოცხალი ძალა, რითაც, არ ვიცი, რის დემონსტრირებას შეეცადა, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ვერაფერი ვერ დაგვიმტკიცა, გარდა იმისა, რომ სინამდვილეში ისინი არიან ლაჩრები, ისინი არიან სუსტები და სინამდვილეში, მათ ეშინიათ სახალხო ძალის,“ - აცხადებს დავით ქაცარავამ.
ცოცხალი ჯაჭვი ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთთან დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. აქციის მონაწილეები პროტესტის დაფიქსირების შემდეგ დაიშალნენ.