18 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
5 ფოტორეპორტიორის თვალით დანახული აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოების გამოფენა თბილისში

თბილისში პარლამენტის ეზოში 5 ფოტორეპორტიორის თვალით დანახული აგვისტოს ომის ამსახველი 90-მდე ფოტო გამოიფინა. პარლამენტის ეზოში მოწყობილი ფოტო გამოფენა სახელწოდებით "ომი ჩვენს ობიექტივში" საომარი მოქმედების დროს დაღუპულ რეპორტიორებს მიეძღვნა.

პირველი ჭურვი ფოტორეპორტიორ ივანე შლამოვის ობიექტივმა დააფიქსირა. მაშინ ფოტოგრაფი რუსულ საგუშაგოსთან ახლოს იმყოფებოდა და ფოტორეპორტაჟს სააგენტო ფრანს პრესისთვის ამზადებდა.  

დაბომბილი სოფლები, დამწვარი და დანგრეული სახლები, დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედროები, - ისტორიული კადრები გიორგი აბდალაძის ფოტოობიექტივმა დააფიქსირა.

ფოტოგამოფენა იმ რეპორტიორებს მიეძღვნათ, რომლებიც 2008 წელს რუსულ აგრესიას შეეწირნენ. აგვისტოს დღეებში მომზადებული რეპორტაჟები 3 მათგანისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. გამოფენას მათი ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

რუსული სამხედრო აგრესიის ამსახველი ფოტოგამოფენა მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ფოტოგამოფენა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის ისტორიებს ასახავს, დღეს დილით გაიხსნა. დოკუმენტური ფოტომასალის დათვალიერება პარლამენტის ეზოში მისულ დამთვალიერებელს დღის ბოლომდე შეეძლება. 

დღის ამბები