საქართველოს პრემიერმინისტრი მეხანძრეებსა და მაშველებს მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობისას ოპერატიული მუშაობისთვის მადლობას უხდის. განცხადებას გიორგი კვირიკაშვილი ოფოციალურ fecebook გვერდზე ავრცელებს. როგორც ცნობილია, ხანძარი გუშინ გვიან საღამოს გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში დაახლოებით 70 მეხანძრე იყო ჩართული. დამწვარია 2 ჰექტრამდე ტერიტორია. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
"განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, ჩვენს მეხანძრეებს და მაშველებს ძალიან ოპერატიული მუშაობისთვის. მათ მთაწმინდის რაიონში საკმაოდ რთულ რელიეფზე, უმოკლეს დროში მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ, დარჩენილი კერების სრულად ლიკვიდირება. ამით მათ საფრთხე აარიდეს მოსახლეობას.
"ამასთან, მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი შესაბამისი სამსახურები მობილიზებულნი იყვნენ შემთხვევის ადგილზე და ატარებდნენ პრევენციულ სამუშაოებს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
"კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, უზრუნველყო ხანძრის ლიკვიდირება და მოსახლეობისთვის საფრთხის არიდება," - ნათქვამია პრემიერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.