საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში არსებულ სკოლებში რუსულენოვან სწავლაზე გადასვლის საკითხს ქართველების მიმართ დისკრიმინაციად მიიჩნევს. მისი თქმით, მსგავსი მიდგომა გალის რაიონში წლების განმავლობაში უკვე შემოვიდა და ანალოგიურ სწავლებაზე გადასვლას გეგმავენ ცხინვალის რეგიონში.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ასეთი ქმედებებით, საოკუპაციო რეჟიმი ქართველებს ეთნიკური ნიშნით დევნიან და მათ ფუნდამენტურ უფლებებს არღვევენ.
„გალის რაიონში, სამწუხაროდ და საუბედუროდ, უკვე წლების განმავლობაში ძალიან მიზანმიმართულად მიმდინარეობს პოლიტიკა, რომ ქართულ მოსახლეობაზე განხორციელდეს ზეწოლა, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია. ეს გამოიხატება, პირველ რიგში, სწორედ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვით. ახლა ანალოგიური პოლიტიკის განხორციელება, როგორც ჩანს, არის გეგმაში ცხინვალის რეგიონის მიმართულებითაც, რაც არის აბსოლუტურად უკანონო. ჩვენთვის ეს საკითხი არის და იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი ყველა ფორუმში კიდევ უფრო აქტიურად, იმისთვის, რომ დავიცვათ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები, დავიცვათ ისინი დისკრიმინაციისგან, რუსიფიკაციისგან და უზრუნველყოფილ იქნეს მათი ფუნდამენტური უფლებები,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.