არასამთავრობო სექტორი საჯარო ინფორმაციის დამალვის შემაშფოთებელ ტენდენციაზე ალაპარაკდა. სამართალდამრღვევი იუსტიციის მინისტრის შესახებ კურიერში გასული რეპორტაჟის შემდეგ საია-ში ამბობენ, რომ დოკუმენტებს მხოლოდ თეა წულუკიანი არ მალავს და ეს პრობლემა არაერთ სამინისტროშია.
საია მინისტრების მიერ დამალული დოკუმენტების შესახებ სპეციალურ ანგარიშს უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.
ოპოზიციაში ამბობენ, სასამართლოს მიერ იუსტიციის მინისტრის კანონდამრღვევად გამოცხადება შემაშფოთებელი ფაქტია, თუმცა პოლიტიკური პარტიები ამ სკანდალში კიდევ რამდენიმე პრობლემას ხედავენ.
ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოში ამბობენ, რომ, როდესაც საქმე ქართული ოცნების მიერ დახარჯული საბიუჯეტო თანხების მონიტორინგზე მიდგა, ინფორმაციის დამალვა დაიწყო. ამ ტენდეციის შესაჩერებლად სამოქალაქო სექტორში იუსტიციის სამინისტროსთან ერთად "ინფორმაციის თავისუფლების შესახებ" კანონის დაწერაც დაიწყეს, რომელსაც ისევ წულუკიანის უწყება ბლოკავს.
ოქტომბრიდან ერთი წლის ვადით საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა უნდა გახდეს და სხვა ქვეყნებს მისცეს რეკომენდაცია, რომ საჯარო ინფორმაცია არ დამალონ და გამჭვირვალედ იმუშაონ.