შინდისის ბრძოლიდან 9 წელი გავიდა. ომში დაღუპულ ქართველ გმირებს დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ. ადგილზე, სადაც 17 ქართველი გმირულად დაიღუპა, დილიდან იკრიბებიან მათი ოჯახის წევრები და ახლობლები. შინდისში გმირთა მემორიალთან სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა.
“მათ აჩვენეს ისეთი გმირობა, რომელთა შესახებაც ჩვენ ისტორიის წიგნებში წაგვიკითხავს და რა გმირობებზეც დგას საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, მაგრამ ვაგრძელებთ მშვიდობიან ბრძოლას იმისთვის, რომ აღარ დაიღვაროს ასეთი რჩეული ახალგაზრდების სისხლი და მივაღწიოთ იმ ამოცანას, რომლისთვისაც შინდისის ბიჭებმა საკუთარი სიცოცხლე გაწირეს. ეს არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანება, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია," - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.
ადგილზე ასევე იმყოფებოდა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
“როცა გყავს ეს გმირები, ეს არის სწორედ ის მაგალითის საფუძველი, რამაც მოიტანა დღემდე საქართველო და რაც გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენ ქვეყნას აქვს მომავალი და ჩვენი გმირების სულის სადიდებლად ყველა ის მიზანი იქნება მიღწეული, რომლისთვისაც მათ თავი შესწირეს,“ - აღნიშნა სესიაშვილმა.