"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი თხილნარში მაცხოვრებლებს შეხვდა. ეს უკვე ზაალ უდუმაშვილის თხილნარის მოსახლეობასთან მეორე შეხვედრაა. უდუმაშვილი მათთან ორი კვირის წინაც იმყოფებოდა.
დასახლებას, რომელსაც მაშინ წყლის, გარე განათების და ქუჩების დამისამართების პრობლემა ჰქონდა, კანდიდატის სტუმრობიდან რამდენიმე დღეში, ხელისუფლებამ სასმელი წყლის მიწოდება აღუდგინა.
თხილნარელები უდუმაშვილს ახლა სხვა, დარჩენილი პრობლემების გადაჭრაში დახმარებას სთხოვენ.
„შეიძლებოდა რამდენიმე დღეში ამ სოფლისთვის წყლის პრობლემის გადაჭრა, რატომ აწამეს წლობით ეს ხალხი და წლობით რატომ იყო მთელი სოფელი ერთი წყაროს იმედად. ამ სოფელს კიდევ აქვს დარჩენილი პრობლემები. ეს არის გარე განათება, გზების მოწესრიგება. უნდა დასრულდეს თბილისში უყურადღებობის ხანა და სწორედ ამას ვამბობ, რომ ყველა რაიონს, ყველა სოფელს და ახლად შემოერთებულ სოფელს უნდა ჰქონდეს თანაბარი განვითარება, ისევე როგორც მთელს თბილისს,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.