მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტის, ბექა წიქარიშვილის, საქმეზე, საქალაქო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას 30 აგვისტოს გამოაცხადებს. ამ გადაწყვეტილებით 4-წლიანი დავა დასრულდება.
„კანონმდებლობის მოქმედი რედაქციით, ბუნებრივია, მე უდანაშაულოდ ცნობილი ვერ ვიქნები. დამნაშავედ ყველა ვარიანტში მცნობს სასამართლო და გამოვა გამამტყუნებელი განაჩენი. თუმცა, ჩვენი პოზიცია არის, რომ ეს უნდა მოხდეს დამატებითო სასჯელების გარეშე,“ - აცხადებს ბექა წიქარიშვილი.
"ბექა კრიმინალი არ არის!" - ეს მოძრაობა სწორედ თეთრი ხმაურის აქტივისტის დაკავებას მოჰყვა. ასევე მის საქმეს უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვით, პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურად გამოცხადდა.
„დღევანდელი პროცესიც არის გაგრძელება იმ დიდი გადაწყვეტილების, რომელიც მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბერს. ჩენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილებაც იქნება სრულ თანხმობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან და საერთო სასამართლოების პრაქტიკა იქნება უფრო ლიბერალური, ყველა სხვა ტიპის ნარკოტიკულ დანაშაულთან,“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა, გურამ იმნაძემ.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეული, ბექა წიქარიშვილის საქმეს "პრეცედენტულს" უწოდებს.
„ამ საქმემ მოიტანა გარდამტეხი გამარჯვება ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ქვეყანაში. ჩვენ ვნახეთ, რომ უფლებებისთვის ბრძოლამ მოგვიტანა კონკრეტული შედეგი და დღეს არის რეალობა შეცვლილი. პრაქტიკულად, საკონსტიტუციო სასამართლოს ორი წლის წინანდელი გადაწყვეტილების შემდგომ შეუძლებელია, ქვეყანაში შენარჩუნდეს ის ნარკოპოლიტიკა, რომელიც მანამდე არსებობდა,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.