18 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
ჭონქაძის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულს ფიზიკური დაზიანებები აქვს - დედა დაკავების პროცესს იხსენებს

თბილისის ცენტრში, ჭონქაძის ქუჩაზე, მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ იაშვილს ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ. გამოძიება მის გასამართლებას განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით მოითხოვს.

მკვლელობაში ბრალდებული გამოძიებამ ცხელ კვალზე დააკავა. მთავარი ნივთმტკიცება - მკვლელობის იარაღი, სამართალდამცველებმა დღეს დილით, ჭონქაძის მიმდებარედ, ნიაღვრის ქუჩაზე ამოიღეს.

საგამოძიებო უწყება მკვლელობის მოტივად შურისძიებას ასახელებს.

დაკავებული ცოტა ხნის წინ მისმა ადვოკატმა მოინახულა, რომელიც ამბობს, რომ დაკავებული ბრალს არ აიღებს და პროტესტის ნიშნად მშრალ შიმშილობას აცხადებს. ადვოკატის ინფორმაციით, იაშვილს ფიზიკური დაზიანებებიც აღენიშნება, რომელიც მას პოლიციამ დაკავების შემდეგ მიაყენა.

„მას ფიზიკური დაზიანება, მისი თქმით, იძულებითი დაკითხვის დროს მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებმა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა, მაგრამ სტაბილური, რადგან იმყოფება ექიმების დაკვირვების ქვეშ. ის აცხადებს ე.წ. მშრალ შიმშილობას, არ აღიარებს ბრალს და უნდობლობას უცხადებს გამოძიებას,“ - განაცხადა მიხეილ იაშვილის ადვოკატმა, დავით ცინცქილაძემ.

მიხეილ იაშვილის უდანაშაულობაზე საუბრობს დაკავებულის დედაც. ის შვილის დაკავების პროცესს იხსენებს.

„კარებზე ბრახუნი, შემოვარდა ერთი 30 სული, ალბათ, ჩემი შვილი მძინარე, ლოგინიდან წამოაგდეს და დადეს სკამზე. დაიწყეს ჩხრეკა, მე ვეუბნებოდი, ადვოკატის გარეშე არ გაჩხრიკოთ-მეთქი, მაგრამ გადაუდებელი ჩხრეკა უნდა ჩავატაროთო. წაიყვანეს სახლიდან,“ - განაცხადა მიხეილ იაშვილის დედამ.

მისი თქმით, მკვლელობის დროს მიხეილი სახლში იმყოფებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები