ბორჯომში დევნილთა დასახლების მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს. ადგილობრივების თქმით, უკვე ერთი კვირაა, რაც წყალი არ მიეწოდებათ.
რუსთავი2-თან საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, რომ ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და წყალი ამ პერიოდში გრაფიკით მიეწოდებოდათ.
მათი თქმით, ბოლო სამი დღეა, წყალი საერთოდ არ მიეწოდებათ, მიზეზად კი წყლის მიწოდებაზე პასუხისმგებელი კომპანია წყლის დაბინძურებას ასახელებს.
ბორჯომელები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ადგილობრივების თქმით, პოლიცია მორების გადატანას და გზის გათავისუფლებას ცდილობს, თუმცა თავად მოსახლეობას ამის საშუალებას არ აძლევს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ წყლის პრობლემების გამო, დამსვენებლები ამ ტერიტორიას ტოვებენ.