18 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
9 თვე უკრაინის ციხეში - რუსი სამხედროს მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქართველი ჯარისკაცი დახმარების მოლოდინშია

რუსი სამხედროს მკვლელობის ბრალდებით ქართველი ჯარისკაცი, გიორგი ჭითანავა, დაახლოებით, 9 თვეა, სასჯელს უკრაინის ციხეში იხდის.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს ბრალად რუსი ჯარისკაცის განზრახ მკვლელობა ედება. შემთხვევა გასული წლის ნოემბერში დონეცკის ოლქში მოხდა, სადაც ჭითანავა ასმეთაურად მსახურობდა.

ქართველი ჯარისკაცის დედა მთავრობისგან დახმარებას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება. ეთერ ჩიტაია, შვილის უსაფრთხოების მიზნით, მის გადმოყვანას უკრაინის ციხიდან საქართველოში ითხოვს.

დედა ყვება, რომ რუსი ჯარისკაცის მკვლელობას მისი შვილი აღიარებს, თუმცა დანაშაული წინასწარ განზრახული არ ჰქონია და ამის მაპროვოცირებელი რუსი ჯარისკაცის მხრიდან ქართველი სამხედროს წინააღმდეგ სისტემატიური მუქარა გახდა.

გიორგი ჭითანავა ქართულ ჯარში, კერძოდ კი ვაზიანის 4-ე სამხედრო ბრიგადაში, წლების განმავლობაში მსახურობდა. ის აგვისტოს ომის მონაწილეა. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლის დროს გამოჩენილი თავდადებისათთვის საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მას სახელმწიფო ჯილდოც გადასცა. რამდენიმე წლის წინ კი სამხედრო სამსახურის გაგრძელება ჭითანავამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გადაწყვიტა და რუსეთის წინააღმდეგ ამჯერად უკრაინის ინტერესების დასაცავად იბრძოდა.

პატიმარ ჯარისკაცს კურიერი ციხეში ტელეფონით დაუკავშირდა. ყოფილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე იხსენებს, რომ რუსმა ჯარისკაცმა მისი, როგორც მეთაურის, მითითება არ შეასრულა და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, აკრძალულ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკით შევიდა. ჭითანავამ იარაღიდან გასროლა მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელა. სამხედრო მოსამსახურე იხსენებს, რომ დაპირისპირება მასსა და რუს ჯარისკაცს შორის ეთნიკური ნიშნით გაცნობისთანავე დაიწყო.

პატიმარ გიორგი ჭითანავას შესახებ ინფორმირებულია საქართველოს ყველა შესაბამისი უწყება.

დღის ამბები