ახალგორში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი, კურიერს დაკავების დეტალებს უყვება. სამოქალაქო აქტივისტსა და თავისუფალ ჟურნალისტს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პროკურატურა ბრალს მმართველი ძალის მიმართ ცილისწამებაში სდებს.
თამარ მეარაყიშვილი რადიო ეხო კავკაზასთვის მიცემულ ინტერვიუში ღიად საუბრობდა ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის, თანაპარტიელების თავგასულობაზე, რასაც ახალგორის ქართული მოსახლეობის უფლებები ეწირებოდა.
ხვალ მას კვლავ ელოდებიან ე.წ. პროკურატურაში.
იმის გამო, რომ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან უფლებადამცველი ახალგორში ვერ შევა, მეარაყიშვილი იძულებულია, ადვოკატი მეგობრების დახმარებით ვლადიკავკაზში იპოვოს. ამისთვის კი მას რამდენიმე საათი აქვს. მის სახლთან ახალგორში ახლაც საოკუპაციო რეჟიმის უშიშროების სამსახური მორიგეობს.
საქართველოს მთავრობას იმედი აქვს, რომ საოკუპაციო რეჟიმი მას აღარ დააკავებს. ქართველი აქტივისტის დასაცავად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქეთევან ციხელაშვილის უწყებას ცხელი ხაზის ამოქმედება დასჭირდა.
თამარ მეარაყიშვილის დასაცავად ხელისუფლებას ყველა ბერკეტის გამოყენებისკენ მოუწოდებს უჩა ნანუაშვილი.
თამარ მეარაყიშვილი ერთადერთია ოკუპირებულ რეგიონში, ვინც ახალგორში შექმნილ პრობლემებზე ღიად საუბარს არ ერიდება და ის საოკუპაციო რეჟიმმა რამდენჯერმე დააკავა.