"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერები სამართალდამცველებმა სემეკიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. პარტიის წევრები მარეგულირებელ კომისიაში სხდომის ჩატარებას ხელს უშლიდნენ და სხდომის დარბაზში მჯდომარე აქციას მართავდნენ.
დღეს კომისიის წევრებს თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის შესახებ სატარიფო განაცხადები უნდა მიეღო და ემსჯელა.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერები კომისიის წევრებს სხდომის ჩატარების საშუალებას არ აძლევდნენ. სხდომათა დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური იყო.
"ლეიბორისტებმა" განცხადებები შენობის დატოვების შემდეგ კიდევ ერთხელ გააკეთეს. უკვე შენობის გარეთ შალვა ნათელაშვილმა მოსახლეობას გააქტიურებისკენ კიდევ ერთხლ მოუწოდა.
„ის, რაც დღეს აქ მოხდა, ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა, რომელიც აღასრულა სახელმწიფო აპარატმა ტრადიციულად, როგორც ყოველთვის. თუ ქართველი ხალხი არ გაერთიანდება, ქუჩაში არ გამოვა და ამ რეჟიმს არ მოიცილებს, ეს ძალადობა გაგრძელდება. დღეს, როგორც არასდროს უნდა გავერთიანდეთ და დავიწყოთ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ დავინახეთ, რომ ისინი წამსვლელები არიან ძალადობაზე, ხალხმა უნდა გამოიღვიძოს, მეტი ძილი არ შეიძლება," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერების სემეკის სხდომათა დარბაზიდან გაძევების შემდეგ, კომისიამ სხდომა გააგრძელა და ხუთივე - თელასის, ჰიდროელექტროსადგურებისა და გარდაბნის თბოლექტროსადგურის განაცხადი დაარეგისტრირა. განაცხადებზე გადაწყვეტილება სემეკმა 31 დეკემბრამდე უნდა მიიღოს.