18 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
გაზრდილი შტატები ადგილობრივ თვითმმართველობებში - "ნაციონალური მოძრაობა" ნეპოტიზმზე საუბრობს

ბოლო 4 წლის განმავლობაში 24 მუნიციპალიტეტში თანამშრომელთა რაოდენობა 2584-ით არის გაზრდილი. დოკუმენტაცია საჯარო დაწესებულებებიდან "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოითხოვა. პარტიაში ამტკიცებენ, რომ ძირითადად ახალი შტატები აიპ-ებში გაჩნდა, სადაც კადრების დანიშვნა, როგორც წესი, ნეპოტიზმით ხდება.

ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები "კურიერმა" რეგიონებში მუნიციპალიტეტებში გადაამოწმა. ქარელის გამგებელი ადასტურებს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მონაცემები ზუსტი არაა.

ქობულეთის გამგეობაში ნათესაური ნიშნით თანამშრომლების დანიშვნას გამორიცხავენ.

ოპოზიციის ინფორმაციით, თვითმმართველობის სამსახურებში თანამშრომელთა რაოდენობა გაზრდილია დედაქალაქშიც, თუმცა ზუსტი მონაცემების დადგენა იმის გამო ვერ ხერხდება, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს მმართველი გუნდი ინფორმაციას არ აწვდის.

კვლევისას, "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, დოკუმენტაცია 37 გამგეობიდან და 11 მერიიდან მოითხოვეს, თუმცა ინფორმაცია მხოლოდ 24 შემთხვევაში მიიღეს, დანარჩენებმა მონაცემების ოპოზიციას არ მიაწოდეს.

ავტორი: ნათია ჟამერაშვილი. 

დღის ამბები