18 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
"მოვუწოდებ ირაკლი პეტრიაშვილს, რომ თვითონ დაჯდეს საშიმშილოდ" - დაჩი ცაგურია

”საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია, რკინიგზის თანამშრომლების პროტესტს კიდევ ერთხელ ეხმაურება. „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას დაჩი ცაგურია ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ დღეს მიმდინარე აქციაზე რკინიგზის მხოლოდ ერთი თანამშრომელი შიმშილობს დანარჩენი კი პროფკავშირების წარმომადგენლები არიან.

მისივე თქმით, უწყება მზად არის შეხვდეს მოშიმშილე რკინიგზელს და დაარწმუნოს, რომ ყველა ის სამუშაო და საცხოვრებელი პირობა შექმნილია, რომელსაც ის ითხოვს.

”საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი პროფკავშირების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს პროვოკაციაში ადანაშაულებს. დაჩი ცაგურია მოუწოდებს ირაკლი პეტრიაშვილს აქციაზე მივიდეს და თავად დაიწყოს შიმშილობა.  

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ იმ მუშას, მას ახლავე შეუძლია რომ გამოცხადდეს თავის სამსახურში და შეუდგეს თავის სამსახურებრივ მოვალეობას.

"მე მზად ვარ ამ წუთსაც შევხვდე მას, წავიყვანო და დავარწმუნო, რომ ნამდვილად არსებობს იქ როგორც საცხოვრებელი პირობები, ისე ტრანსპორტი. ერთიღა არის დარჩენილი რკინიგზის თანამშრომელი, რომელიც ახლა შიმშილობს. დანარჩენი ადამიანები არიან ირაკლი პეტრიაშვილის პროფკავშირში დასაქმებულები.

"მე მოვუწოდებ ირაკლი პეტრიაშვილს, რომ თვითონ დაჯდეს საშიმშილოდ თუ ეგრეა და დაანებოს ამ ხალხს თავი და თავის დასაქმებულებს ნუ მიგზავნის და ნუ აგზავნის საშიმშილოდ,“-განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

შეგახსენებთ, რომ რკინიგზელები პროტესტი გრძელდება, დღეს უკვე აქციის 11 მონაწილე შიმშილობს. მოშიმშილეების თქმით, თუ რკინიგზის დეპარტამენტი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, აქციას რკინიგზის თანამშრომლები სხვადასხვა ქალაქებიდანაც შეუერთდებიან.

მოშიმშილე რკინიგზელების მოთხოვნები უცვლელია, ისინი  კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსების გადადგომა და საკუთარი შრომითი უფლებების აღდგენა.

დღის ამბები