25 საათის წინ გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მაშველი-მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ. სოფელ დაბის მიმდებარე ტყის მასივში დაახლოებით 5 ჰექტარ ტერიტორიაზე მწვანე საფარი მთლიანად განადგურებულია.
დღეს დილის 06:00 საათიდან განაახლა მუშაობა ვერტმფრენმა. ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძარს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის თბილისიდან მობილიზებული 200-მდე მეხანძრე ებრძვის.
შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი სოფელ ახალდაბაში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ჩავიდა.
ცეცხლი სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ დაახლოებით დღის 02:00 საათისთვის გაჩნდა და რთული რელიეფის გამო შეუძლებელი იყო სახანძრო მანქანების მისვლა. მძიმე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში სოფელ ყვიბისის მხრიდან ეპიცენტრის ადგილამდე მისასვლელ გზას ჭრიდა.
მეხანძრეები ვარაუდობენ, რომ ცეცხლის ჩაქრობა დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხერხდება.
ხანძრის მასშტაბის მიუხედავად მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო ამ დრომდე არ გამხდარა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.